რატომ არასდროს სწვევიან უცხოპლანეტელები დედამიწას? ეს კითხვა არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ ბევრ სხვა ადამიანსაც აწუხებს.
კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრობიოლოგი, სტიუარტ ბარტლეტი, და კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის ასტრობიოლოგი, მაიკლ ვონგი, წერენ, რომ ცივილიზაციები ან “გადაწვას” განიცდიან ან გადადიან ჰომეოსტაზის პრიორიტიზებაზე, რითაც უარს ამბობენ კოსმოსურ ექსპანსიაზე. ნებისმიერი ამ ორიდან არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ვპოულობთ უცხოპლანეტელებს ან თავად ვერ გვპოულობენ ისინი.
ასტრობიოლოგების წყვილი ჰიპოთეზამდე მივიდა ქალაქების “ზეწრფივი” ზრდის კვლევების შესწავლით. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქების ზომა და მათ მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობა ექსპონენციური ტემპით იზრდება, რასაც აუცილებლად მივყავართ კრიზისულ ზღვრამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ქალაქი იწყებს სწრაფად ჩამოშლას.
მეცნიერების ვარაუდით, როცა პლანეტარული ცივილიზაციები ზრდის მსგავს მოდელს აღწევენ, მათი სწრაფი კოლაფსი გარდაუვალია. მათი თქმით, ცივილიზაცია, რომელიც კოლაფსს უახლოვდება, კაცობრიობისთვის ყველაზე ადვილი შესამჩნევი იქნება, რადგან იგი დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფას დაიწყებს.
დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, ცივილიზაციებმა შეიძლება განიცადონ “ჰომეოსტატიკური გამოღვიძება”, რითაც, შეუზღუდავი ზრდის ნაცვლად, პრიორიტეტს მიანიჭებენ სოციალურ კეთილდღეობას, მდგრად და თანაბარ განვითარებასა და ჰარმონიას გარემოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ცივილიზაციებმა შეიძლება მთლიანად არ მიატოვონ კოსმოსური კვლევა, ისინი არ გაფართოვდებიან იმ მასშტაბებით, რომ დედამიწასთან კონტაქტი დაამყარონ.





































































