საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღე პირველ არხზე“ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „სიმღერის აკადემიის“ 10 წლის მონაწილე პირდაპირი ეთერის მსვლელობისას შეუძლოდ გახდა და დაეცა, სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო არასრულწლოვნის ბებიამ გაავრცელა.
ბავშვის დაცემის კადრი პირდაპირ ეთერში შეუმჩნეველია, ჩანს მხოლოდ ანსამბლის წევრი რამდენიმე ბავშვის რეაქცია – ისინი ქვემოთ იყურებიან, თუმცა ყველა აგრძელებს სიმღერას. ანკას ვარდნა სიმღერის დაწყებიდან 50-ე წამზე ჩანს ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი იღებდა თავისი ტელეფონით.
“ვინც მიცნობთ, ყველამ იცით, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. შეიძლება ყველაფერი მოვითმინო და ავიტანო, მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ჩემი თმენის ზღვარი ნულის ტოლია”, – ასე იწყება სოციალურ ქსელში ანკას ბებიის, ნინო კუხელიშვილის პოსტი, რომელსაც ვიდეოც ერთვის და ფართო საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა.
მოგვიანებით მან დაწერა, რომ ბავშვი კარგადაა, თითები აქვს ნატკენი დაცემისას, მაგრამ მომხდარი იყო ყველასთვის “მძიმე გაკვეთილი” და “გულგრილობის მაგალითი”.
































































