აშშ-ის საიდუმლო სამსახურის (Secret Service) რეგიონული ხელმძღვანელი, მაქსიმილიან თრქულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო კიბერდანაშაულისა და ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციას გამოეხმაურა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, საქართველოში მიღწეული შედეგები მულტინაციონალური ძალისხმევის ბრწყინვალე მაგალითია.
თრქულიამ ხაზი გაუსვა, რომ საიდუმლო სამსახურის მისია მხოლოდ აშშ-ის ლიდერების დაცვა არ არის და საზოგადოებას უწყების მეორე, ნაკლებად ცნობილი ფუნქცია შეახსენა.
„აშშ-ის საიდუმლო სამსახური ცნობილია პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დაცვით, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციას ორმაგი მისია გააჩნია — ვფოკუსირდებით როგორც დაცვაზე, ისე გამოძიებაზე. ბევრმა არ იცის, რომ საიდუმლო სამსახური კრიტიკული მნიშვნელობის როლს ასრულებს ამერიკის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვაში ისეთი დანაშაულების გამოძიებით, როგორიცაა გაყალბება, ფინანსური თაღლითობა და კიბერსაშუალებებით ჩადენილი ფინანსური დანაშაულები. დღეს აქ ზუსტად ამის გამო ვიმყოფები“, — განაცხადა მან.
ამერიკელი აგენტის თქმით, თანამედროვე სამყაროში ტრანსნაციონალურ კრიმინალთან ბრძოლა მხოლოდ ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი:
„დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში დამნაშავეები უწყვეტად იღებენ მიზანში სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ დაზარალებულებს, რითაც თავიანთ დანაშაულებს გლობალურ საფრთხედ აქცევენ. ამ ორგანიზაციების გამოვლენისა და დაშლისთვის საჭიროა საერთაშორისო სამართალდამცავების მულტინაციონალური ძალისხმევა. აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და ჩვენი ქართველი პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობა აჩვენებს, რომ ამგვარი კავშირით რეალური შედეგების მიღწევა შეიძლება“, — აღნიშნა მაქსიმილიან თრქულიამ.
თრქულიას განცხადების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
































































