რუსეთი არ აპირებს ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ქართულ მხარეს გადასცეს. ეს დღეს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 86-ე შეხვედრაზე, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა დაადასტურა. „ჩვენ ყველაფერი, რაც საჭირო იყო უკვე გადმოგეცით“ – აღნიშნა მურად ჯიოევმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, ოსურ-რუსული “ვერსია” რომ არჩილ ტატუნაშვილი „გულის შეტევით“ დაიღუპა.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და აღარ დაუბრუნებიათ.