ბატონი ილიკო ფერაძე იგონებს:
„მე და გიას თერთმეტი ბებია-ბაბუა გვყავდა. დედაჩემის ბიძა საქართველოს ყველასთვის საყვარელი კომიკოსი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი გახლდათ. შინაურებში და ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ უცხვირპირო კაცი იყო. ქეიფებსა და დროსტარებაში ფულის ხარჯვა არ უყვარდა, არც სვამდა. ამიტომ, მის ხელმომჭირნეობაზე, ვისაც კი არ ეზარება, მითებს იგონებს.
დედაჩემმა თავის დროზე პატარა წიგნად „ნიანგში“ გამოუშვა მოგონება – „მაქსიმიჩის ანდერძი“, სადაც ბიძამისის ბავშვობა გაიხსენა ბებია ბერეჟიანის მონაყოლიდან. დედას დაბადების დღეზე სანდრო ბაბუა შემოირბენდა მოსალოცად და არავითარ შემთხვევაში არ დაჯდებოდა სუფრასთან ხალხში – სად მცალია მე ახლა სამაიმუნოდ, რეპეტიციაზე მეჩქარებაო, – იტყოდა და გარბოდა.
სანდრო ჟორჟოლიანის სუსტი წერტილი ლამაზი ქალები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შეიძლება გავიხსენოთ: გასტროლებზე ყოფნისას ერთი ქალის სილამაზემ სანდრო ლამის სულ გადარია და კარგა ხანს სთხოვდა შეხვედრას. ეს ამბავი ჟორა შავგულიძემ რომ გაიგო, გადაწყვიტა, ჟორჟოლიანს თავისებურად გახუმრებოდა. ჟორას იმ ქალბატონისთვის უთქვამს: სანდროს უთხარით, ვითომ მორცხვი ხართ და ღამით შეჰპირდით შეხვედრასო. გახარებული ჟორჟოლიანი დათქმულ ადგილას მივიდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ იმ ქალის ნაცვლად ქალის სამოსში გამოწყობილი შავგულიძე ახვევდა თავბრუს.
ერთხელ, გასტროლებზე, ერთ-ერთმა მსახიობმა ჟორჟოლიანს საწოლის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა. საწყალს ისე დასცხა, რომ მთელი ღამე წრიალებდა. ცნობილია, რომ, ოდესის უნივერსიტეტის წყალობით, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულ ენას – გამართულად ლაპარაკობდა და კითხულობდა ფრანგულად, გამოწერილი ჰქონდა სხვადასხვა ფრანგული გამოცემა. პირადი ბედნიერება მას 42 წლის ასაკში ეწვია – 23 წლით უმცროს მშვენიერ პოლონელ პიანისტზე, დედით ქართველ ქალბატონზე, ირინა ორეხოვსკაიაზე დაქორწინდა, რომელთანაც მას უმშვენიერესი დინარა შეეძინა“.





































































