ლანჩხუთში მერიის საკონკურსო კომისიამ, იურიდიული სამსახურის უფროსის შოთა ჩაგუნავას ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღის წინ ის გამარჯვებული კონკურსანტი გამოავლინა, რომელმაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობა უნდა დაიკავოს მერიაში.
როგორც ჩაგუნავასთან საუბრის შედეგად გავარკვიეთ, კომისიამ ფავორიტად ია ჩხაიძის კანდიდატურა ცნო, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში მმართველ გუნდს წარმოადგენდა და სოციალური კომისიის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა. თუმცა ბოლო არჩევნების შემდეგ ოფსაიდში დარჩა. საზოგადოების გარკვეულ წრეებში გავრცელებული იყო აზრი, რომ სამსახურის უფროსობისთვის გამოცხადებული კონკურსი ფარსი იყო, რადგან, მათი აზრით, ჩხაიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა წლის დასაწყისში მერიის ინიციატივითა და საკრებულოს თანხმობით ზემონახსენები სამსახური სოციალურ სამსახურს გამოეყო.
არადა, გამარჯვებული კონკურსანტის გამოსავლენად მერიას აქ ხელახალი კონკურსის ჩატარება დასჭირდა. კომისიის მაშინდელი ვერდიქტით, პირველ ჯერზე კონკურსის ვერც ერთმა მონაწილემ ვერ წარმოადგინა სათანადოდ დარგის განვითარების საკუთარი ხედვა და ვერც კანონების სათანადო ცოდნა გამოავლინეს.
თუმცა, ეს არგუმენტი სამსახურის უფროსობის ერთ-ერთი მაძიებელისთვის, რომან ბიწაძისთვის, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და „რესპუბლიკელების“ კვოტით შესული იქ იურიდიულ კომისიასაც ხელმძღვანელობდა, ნაკლებად სარწმუნო იყო. მისი თქმით, მერიამ ხელახალი გასაუბრების ჩატარების გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით მიიღო, რომ გამოესწორებინა ის ხარვეზი და კანონთან შეუსაბამობა, რასაც თავის დროზე ადგილი ქონდა საკონკურსო განაცხადის მიღებისას.
მერიის მიერ გამოცხადებულ განმეორებით კონკურსში ია ჩხაიძესა და რომან ბიწაძესთან ერთად ხელახლა მონაწილეობა კი ნათია ურუშაძემაც მიიღო, რომელმაც გასაუბრების პირველი ეტაპი წარმატებით განვლო და იმასაც ამბობდნენ, კომისიის წევრებზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მან დატოვაო. მიუხედავად ამისა, კომისიამ მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო და კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა ზემონახსენები არგუმენტით.
რაც შეეხება თავად ურუშაძეს, იგი წინა ხელისუფლების პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა მუნიციპალიტეტში. მან კარიერა პედაგოგობით დაიწყო, პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და მაშინდელი გამგეობის აპარატის უფროსად დაინიშნა, შემდეგ გამგებლის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. ბოლოს, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა, თუმცა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას პოსტის დატოვება მოუხდა.
იგი 2015 წელს საჯარო მოხელისთვის გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა და შესაძლო 60 ქულიდან 58 ქულა დააგროვა. მეტიც, იმ საჯარო მოხელეებიდან, ვინაც კონკურსი თავის დროზე წარმატებით გაიარეს და დასაქმდნენ, ბევრი სწორედ ნათია ურუშაძესთან ემზადებოდა.
რაც შეეხება გამარჯვებულ კონკურსანტს, ჩხაიძე მოვალეობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე მას შემდეგ შეუდგება, რაც მერი ალექსანდრე სარიშვილი მისი დანიშვნის ბრძანებას ოფიციალურად გააფორმებს.