2020 წლის თებერვლის თვეში „საქართველოს რკინიგზამ“ დაიწყო კომპანიის კუთვნილი, ათწლეულების განმავლობაში აღურიცხავი ამორტიზებული აქტივის ინვენტარიზაცია, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
არსებული პრაქტიკით, რკინიგზის აქტივები (მათ შორის რელსები), ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით, ექსპლუატაციის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, ჯერ ძველვარგისად, ხოლო დროთა განმავლობაში უვარგისად (ჯართად) იქცევა. აღნიშნული ჯართი(აქტივი), რომელიც რკინიგზის საოპერაციო საქმიანობისთვის გამოუსადეგარია, ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა სხვადასხვა ობიექტზე და იძარცვებოდა, რაზეც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად – 2020 წელში აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 2021 წელში დასავლეთ საქართველოში მოხდა არსებული ნაშთების თავმოყრა, დახარისხება, აწონვა და 4 სხვადასხვა სასაწყობე ბაზაში დასაწყობება.
ამასთან, გარდა არსებული მარაგების ინვენტარიზაციისა, აღნიშნულ ბაზებში მოხვდა ასევე ის უვარგისად/ჯართად კლასიფიცირებული მასალებიც, რომელიც გროვდება სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-გაჯანსაღების შედეგად, რადგანაც ნებისმიერი დემონტაჟის მიმდინარეობისას ხორციელდება მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაც „ძველვარგისი“ მასალები გადაეცემა სალიანდაგო სამმართველოებს შემდგომი გამოყენებისათვის, ხოლო დეფექტების, ცვეთებისა და კოროზიების გამო გამოუსადეგარი ზედნაშენი მასალები აღირიცხება როგორც ჯართი.
მიუხედავად იმისა, რომ უვარგისი, ამორტიზებული აქტივების საბალანსო ღირებულება ტონაზე დაახლოებით 2 ლარია, „საქართველოს რკინიგზამ” ამორტიზებული აქტივის რეალიზაცია განახორციელა ღია საჯარო ელექტრონულ აუქციონზე კოლოსალურ, დაახლოებით 1160 ლარად. საბოლოო ჯამში, კომპანიის მიერ უვარგისი, უსარგებლო აქტივის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 27 მლნ ლარზე მეტი.
ეს არის ინვენტარიზაციისა და სრული რეალიზაციის პირველი პრეცედენტი, როდესაც „საქართველოს რკინიგზამ“ უვარგისი ჯართი (აქტივი) გაასხვისა და კომპანიას დამატებითი შემოსავალი მოუტანა, რომელიც წლიურ შემოსავალში არ იყო გათვალისწინებული.
ეს ფაქტი, სრულიად დამახინჯებულ და რეალობასთან შეუსაბამო ჭრილში, განმეორეობით გააშუქა ტელეკომპანია “მთავარმა”, რომლის ერთადერთი მიზანიც, აღნიშნული წარმატებული პროექტის ტრაგიკულ და კორუფციულ მოვლენად “მონათვლა” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა! ყალბი და ცილისმწამებლური დეზინფორმაციის მრავალჯერადად ტირაჟირებისთვის „საქართველოს რკინიგზა” აღნიშნულს განიხილავს სამართლებრივ ჭრილში.
(R)