საქართველოს მასშტაბით, უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერები. UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი) კვლევის თანახმად, მოსწავლეთა დაახლოებით 35% სასკოლო საათებში არ იკვებება, რაც პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
“სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%), ხოლო არასდროს არ იკვებება ბავშვების 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში არჭამის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია (45%)”, _ აღნიშნულია საქსტატის და უნისეფის 2023 წლის კვლევაში.
განათლებისა და სოციალური საკითხების მკვლევარი, ხატია ჭანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ საქართველოში სასკოლო კვების საკითხი დღეს უკვე მხოლოდ განათლების პოლიტიკის ნაწილი აღარ არის:
“ეს ბავშვთა კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში კვლავ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ათიათასობით ბავშვი ყოველდღიურად ეკონომიკური სირთულეების პირობებში ცხოვრობს, უფასო სასკოლო კვება შეიძლება იქცეს იმ მექანიზმად, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს როგორც ბავშვის ჯანმრთელობას, ისე მის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას.
ძნელია ვისაუბროთ ხარისხიან განათლებაზე, როდესაც ბავშვის საბაზისო საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, მშიერი ან არასრულფასოვნად ნაჭამი ბავშვი ნაკლებად კონცენტრირებულია, უფრო სწრაფად იღლება და სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვაც უჭირს. ამიტომ სასკოლო კვება არ უნდა აღვიქვათ როგორც სოციალური შეღავათი, ეს არის ინვესტიცია ბავშვების განვითარებისთვის“, _ ამბობს ხატია ჭანიშვილი ჩვენთან საუბრის დროს.
მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას ბავშვის ჯანმრთელობისა და განათლების უფლება. მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ხშირად იხარჯება ისეთი გადაწყვეტილებებზე, რომელთა გავლენა განათლების ხარისხზე ნაკლებად თვალსაჩინოა, სასკოლო კვება წარმოადგენს ინვესტიციას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ბავშვის ჯანმრთელობაზე, დასწრებაზე, აკადემიურ შედეგებსა და სოციალურ თანასწორობაზე.
ხატია ჭანიშვილი: “საქართველოში ბავშვები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. სიღარიბეს ხშირად ემატება მშობლების შრომითი მიგრაცია, რაც გავლენას ახდენს როგორც მათ ფსიქო–ემოციურ მდგომარეობაზე, ისე, სწავლის პროცესზე. სწორედ ასეთ პირობებში სკოლა უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ მხარდაჭერის, უსაფრთხოებისა და ზრუნვის სივრცე.
ამიტომ, ჩემი შეფასებით, სასკოლო კვების პროგრამის გაფართოება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სრულიად რეალისტური და აუცილებელი ნაბიჯია. საკითხი უფრო მეტად პოლიტიკური ნების, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და ბავშვების ინტერესების ცენტრში დაყენების საკითხია, ვიდრე შესაძლებლობების ნაკლებობის“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომაში მცხოვრები, ორი შვილის დედა, მარი ჩხაიძე: “ჩემი გამოწვევით დავიწყებ _ ჩემი ორივე შვილი სკოლაში დადის და სასკოლო კვება ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხი მგონია, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. ახლახან პირველი კლასის მასწავლებელს დავემგზავრე მატარებლით და მითხრა, კლასში რომ შევედი, ბაღში რა დროსაც აჭმევდნენო, მაგ დროს ყველა ელოდა საუზმესო. ეს ამბავი სევდიანად დამამახსოვრდა, რადგან ჩემი პატარა შვილიც პირველკლასელია და სახლიდან წაღებულ საჭმელს იქ ნაყიდი ლობიანი, ღვეზელი ან მარილიანი ჩხირები ბევრად ურჩევნია, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად ყიდულობს და ინაწილებენ. იქ ნაყიდი სულ ერთი და იგივეა და ახლა საკმაოდ დიდი ძალისხმევის დახარჯვა მიწევს, რომ ერთფეროვანი კვების ეს ჩვევა როგორმე შევცვალო ან დავაბალანსო, რაც ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, უდიდესი გამოწვევაა, მით უმეტეს ვცხოვრობ სოფელში, სადაც ქსელური მარკეტი არაა, და ტრანსპორტი კვირაში მხოლოდ ორჯერ დადის, მაგალითად, ფოთამდე“.
“როგორც მშობელი, ნათლად ვხედავ, რომ სკოლაში ბავშვებს შივდებათ, მშიერ კუჭით კი სწავლაზე კონცენტრაცია, უბრალოდ, შეუძლებელია“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ორი შვილის დედა, აქტიური მოქალაქე ნათია ვაშალომიძე.
მისივე თქმით, სახლიდან ლანჩბოქსებით საკვების ტარება და კლასში ჭამა ჩვენს კულტურაში მაინცდამაინც მიღებული პრაქტიკა არ არის, თანაც მკვეთრად არათანაბარი სოციალური პირობების გამო ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს:
“როცა ჩემს შვილს ჯანსაღ საკვებს ვატან, ის ხედავს, რომ თანაკლასელები ბუფეტის სასუსნავებს ყიდულობენ, უჩნდება პროტესტის გრძნობა და სახლიდან წაღებულ სადილზე უარს ამბობს.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ერთიანი, ორგანიზებული სასკოლო კვება, რომელიც ბავშვებს შორის უთანასწორობასაც აღმოფხვრის და მათ ჯანსაღი ენერგიითაც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, როგორც კვლევები აჩვენებს, ძალიან ბევრი ბავშვია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ჩვენს ქვეყანაში, სასკოლო კვება იქნება მათთვის ჯანსაღი და სასარგებლო საკვების დღეში ერთხელ მაინც მიღების შესაძლებლობა“, _ გვითხრა ნათია ვაშალომიძემ.
უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს მოძრაობა “ხმა” და მოხალისეები.
მოძრაობა “ხმას” წევრი კოტე ჩაჩიბაია “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის 15 000 ხელმოწერაა შეგროვებული:
“ამ ეტაპზე გვაქვს 15 000 ხელმოწერა… ივნისში ვაპირებთ აქტიურად შევაგროვოთ ხელმოწერები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში“, _ გვითხრა კოტე ჩაჩიბაიამ.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მოძრაობა “ხმა” 30 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს, ხელმოწერის შეგროვების შემდეგ კი ისინი განცხადებით პარლამენტს მიმართავენ.
ავტორი
































































