„საზაფხულო წერილები ჩემი მოსწავლეებისთვის“ – ასეთი სახელწოდებით ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა თავისი მოსწავლეებისთვის ახალ გამოწვევას ჩაუყარა საფუძველი.
„სასწავლო წელი დასრულდა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა გრძელდება…
ამ ზაფხულს ჩემს მესამეკლასელებს კვირაში ერთხელ პატარა წერილებს გავუგზავნი. თითოეულ წერილში იქნება საინტერესო საკითხავი, საფიქრალი კითხვები და შემოქმედებითი დავალებები. ბავშვები კი საკუთარ პასუხებს წერილობით მომწერენ.
ამ აქტივობის მიზანია, არდადეგების დროსაც შევუნარჩუნოთ ბავშვებს:
კითხვის სიყვარული; წერითი უნარები; საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი;
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თბილი ურთიერთობა.
მალე აქვე გაგიზიარებთ (საუბარია ნათია ბოლქვაძის მიერ შექმნილ ფეისბუქჯგუფზე „ჩემი თავგდასავალი“) ჩემი პატარა მეგობრების წერილებს, მათ საინტერესო მოსაზრებებს, აღმოჩენებსა და ზაფხულის ისტორიებს.
მოუთმენლად ველოდები თითოეულ კონვერტს, თითოეულ წინადადებას და თითოეულ გულწრფელ პასუხს.“ _ წერს ფეისბუქში ნათია ბოლქვაძე.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ნათია მასწავლებელს და მის მოსწავლეებს.
































































