თებერვლის დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო რომ დაეხმარებოდა, ამაზე დაპირება ხელისუფლების მხრიდან, მომხდარი ფაქტიდან მალევე გაიცა.
“დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება _ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ”, _ ითქვა მაშინ.
შესაბამისად, კომისიაც შეიქმნა მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად. ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა 24 მარტს ისაუბრა კიდეც ამ თემაზე ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.
ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ დიდთოვლობის შედეგად საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და საგანგებოდ შექმნილი ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა ზარალის აღწერა.
“ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა, საამისოდ კი შექმნილია სამი ჯგუფი, რომელიც მუშაობას შვიდი მარტიდან შეუდგა.
სულ 1500 სატელეფონო ზარია შემოსული ზარალის თაობაზე. 1300 სახლია უკვე შემოწმებული, რომელთა ნაწილი სახურავის შეკეთებას საჭიროებს, ნაწილი კი სრულადაა დანგრეული. ორ-სამ დღეში დაასრულებენ ჯგუფები მუშაობას და გვეცოდინება ზუსტი ოდენობა, თუ რა ზიანი მიაყენა უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და მის მოსახლეობას.
არსებულ სიტუაციაში უმთავრესია დადგინდეს, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს, ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა, ზუსტად ვიცოდეთ იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც შეექმნა გარკვეული პრობლემები. ამის შემდეგ, არის კიდეც ამაზე გადაწყვეტილება _ ყველა ის ოჯახი, ვისაც დიდთოვლობამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი, იქნება დაკმაყოფილებული და მხარდაჭერილი თავიდან ბოლომდე”, _ განმარტავდა ლანჩხუთის მერი სატელევიზიო ეთერში.
როგორც ირკვევა, კომისიამ, რომელსაც უნდა შეესწავლა თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა დიდთოვლობამ ლანჩხუთის მოსახლეობას, საქმიანობა საკმაო ხანია დაასრულა და მონაცემები გადაუგზავნა კიდეც შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის. ჰოდა, ახლა დაზარალებულები ელოდებიან როდის და როგორ დაეხმარება მათ სახელმწიფო.
მათ ვისაც შედარებით გაუმართლა და თოვლმა მხოლოდ სახლის სახურავი დაუზიანა, სანამ სახელმწიფო დახმარებას გაუწევს, ეცადა რომ დროებითი გადახურვა მოეწყო, ტენტით, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამან დიდად ვერ უშველა:
“თუ რამე სახეირო ავეჯი გვქონდა სახლში, ყველაფერი მოსპო წყალმა. არ უშველა სახლზე გადაფარებულმა “ბრეზენტმა”, წვიმა მაინც ჩამოდის ყველგან და დაშალა ყველაფერი, რაც თოვლს და ჩამონგრეულ სახურავს გადაურჩა”, _ ამბობს დაზარალებული მოსახლეობა.
ადგილობრივი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პროცესი დროში იწელება, რაც დაზარალებული ოჯახების ნაწილს დამატებით პრობლემებს უქმნის.
“დიდთოვლობიდან გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჯერ არაფერი გაკეთებულა. მართალია, შესაბამისმა კომისიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი შეისწავლა სიტუაცია, აღრიცხა დაზარალებული ოჯახები, რომელიც ათასზე მეტია და ეს მონაცემები ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნა, სადაც უნდა განსაზღვრონ რა დახმარება გაეწევა სრულიად დანგრეულ თუ სახურავდაზიანებულ სახლებს, მაგრამ, ჯერჯერობით, უცნობია, რა სახის და ოდენობის იქნება ზარალის ანაზღაურება, ასევე, რა ბედი ეწევა არამუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, საცხოვრისებს და დამხმარე ნაგებობებს.
დრო კი გადის და ზოგ ოჯახს დროებით გადახურულმა სახურავებმა დამატებითი პრობლემები გაუჩინა _ თანდათან ზიანდება ავეჯი, სხვა ინფრასტრუქტურა.
მესმის, ზარალის მასშტაბები დიდია, მაგრამ ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო მოსახლეობას დაეხმაროს და რაც მალე შეასრულებს დაპირებას, მით უკეთესი.
თუმცა, ისე არ გამოვიდეს, ეს სამადლო საქმე ადგილობრივ არჩევნებს დაუკავშირონ, დრო გაწელონ და რაც შეიძლება, არჩევნებამდე ახლო მიიტანონ გაჭირვებული ხალხის გულის მოგება.
ასეთი მაგალითები მრავლად ყოფილა _ წინასაარჩევნოდ ორი თუ სამი წლის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო თანხები დარიგებულა, მაგრამ რეალობა ახლა სულ სხვაა, რაც დრო გადის, მოსახლეობის უკმაყოფილება უფრო იზრდება, თანხები და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება კი იგვიანებს”, _ ამბობს “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე “გურია ნიუსი” დაინტერესდა კომისიის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენი ოჯახი დაფიქსირდა დაზარალებულად და როგორ გაუწევს მათ სახელმწიფო დახმარებას. პასუხის მისაღებად კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ.
ლანჩხუთში დიდთოვლობის ზარალის შემსწავლელ კომისიას მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძე ხელმძღვანელობდა.
ტიკაძის თქმით, სულ 1377 განაცხადი იყო შემოსული და კომისიის მიერ თითოეული მათგანის შესწავლა მოხდა:
“ყველა განაცხადი სათითაოდ შევისწავლეთ. სხვადასხვა კატეგორიის განაცხადი იყო შემოსული. ზოგი დამხმარე ნაგებობის თაობაზე იყო, ზოგან მთლიანად დანგრეული იყო საცხოვრებელი სახლი, ზოგან სახურავი იყო დაზიანებული. ისეთი სახლების თაობაზეც შემოვიდა განცხადებები, სადაც ათეული წლებია არავის უცხოვრია, საერთოდ მიტოვებული იყო. ასევე, არამუდმივად, სეზონურად მაცხოვრებელი ოჯახებიდანაც შემოვიდა განცხადებები. მოკლედ მოხდა ამ ყველაფრის კატეგორიებად დაყოფა და ახლა ბაზის კვლევის ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს”, _ გვითხრა ტიკაძემ.
ავტორი