ტელეწამყვან ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავა მის მიმართ ფეისბუქპოსტის გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. სანაია პროცესს არ ესწრებოდა. 10 ივლისს ვახო სანაია თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო. მანამდე, სანამ შსს-ში „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ შეიქმნებოდა, სანაია 4 000 ლარით იყო დაჯარიმებული პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით. ვახო სანაიას არც ერთი ჯარიმა გადახდილი არ ჰქონდა. როგორც ვახო სანაიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის სხდომებს არ ესწრებოდა და საქმის დეტალები არ იცის.
ამჯერად რას ედავებოდა ვახო სანაიას შსს? 10 ივლისს, როცა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაია პაპუაშვილისა და ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო დააჯარიმა, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში 2 პოსტი დაწერა:
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყლ*ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“;
„მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყლ*ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს.“
18 ივლისს ვახო სანაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ორი პოსტის გამო სასამართლოდან დაუკავშირდნენ.




































































