მმართველი გუნდის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის გამოსვლას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში საყურადღებო ვერაფერი დაინახა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენება, წინა გამოსვლებთან შედარებით, ყველაზე სუსტი იყო.
,,ყურადღებით ვუსმენდი თქვენს გამოსვლას, თუმცა საყურადღებო ბევრი ვერაფერი ვნახე და ობიექტურობა მაიძულებს გითხრათ, რომ ეს ყველაზე სუსტი გამოსვლა იყო, რაც კი მე თქვენი გამოსვლებიდან მომისმენია. რაც მე, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს. ჩემთვის საყურადღებო მხოლოდ ერთი იყო დასაწყისი, რითიც თქვენ დაიწყეთ თქვენი მოხსენება და რამაც მე მაიძულა, რომ გამოვსულიყავი აქ და ვთხოვე ჩემს გუნდს, რომ ,,ქართული ოცნების“ და უმრავლესობის გუნდიდან პირველი გამოსვლა ჩემი ყოფილიყო. თქვენ გამოსვლა დაიწყეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის გახსენებით. თქვენ თქვით, რომ დღეს ბევრი არ არის 2012 წლის შემოქმედი პარლამენტში, მე ვარ 2012 წლის შემოქმედთა რიგებიდან ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მაგრამ თქვენ არ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ, ჩვენ აქ ვართ უმრავლესობაც, ძველებიც, ახლებიც. თქვენ გააკეთეთ ასეთი პირობითი დაყოფა და ამიტომ მინდა, რომ დროებით ვიხმარო ეს ტერმინი. აქ ვართ ძველებიც, ახლებიც და აქ არის ყველაზე ძველებიც, მაგრამ ყველაზე მთავრი არის ღირებულება, რომლის გარშემოც ჩვენ შევიკრიბეთ 2012-ში“,_ განაცხადა ხუნდაძემ.




































































