გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.
„განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ პერიოდში, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად პატრულირებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ ტურისტებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტყის ხანძრების რისკები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, – აღნიშნა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, დათა კობახიძემ.
































































