ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 103 საშტატო ერთეულიდან 95 დარჩება, _ ამის შესახებ დეტალები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
შემცირებები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურები, მაშინ, როცა მატერიალურ-ტექნიკური სამსახური გაძლიერდა. კერძოდ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში ექვსი შტატიდან სამი გაუქმდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ლელოდან“, ლადო ქვილორია ამბობს, რომ, წესით, არ უნდა ყოფილიყო არც რეორგანიზაცია და არც საშტატო ნუსხის შემცირება.
„პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისევ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, მისი მოსვლიდან დღემდე, მიღებული ჰყავს ახალი თანამშრომლები. როდესაც ახალი თანამშრომლები აჰყავს, ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო შემცირება? მაშინ არ უნდა მიეღოთ ახალი თანამშრომლები.
ასევე მინდა ვთქვა, რომ, როგორც ითქვა, თვეში, დაახლოებით, 14 000 ლარის დაზოგვა მოახდინა ამ საშტატო ნუსხის შემცირებით ოზურგეთის მერიამ. ეკონომიით გათვალისწინებული თანხა სად გადაანაწილდება, ეს არის საინტერესო. ამაზე, ჯერჯერობით, პასუხი არ მაქვს“, _ გვითხრა ლადო ქვილორიამ.
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გიორგი სირაძემ, ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ის შემცირება, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდება.
„თვითონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ საშტატო ნუსხის შემცირებას მხარი დაუჭირა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები“, _ გვითხრა გიორგი სირაძემ.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც მცირე ცვლილებებით იქნება წარმოდგენილი, 15 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი.
რა ხდება ლანჩხუთსა და ჩოხატაურში? _ ამ კითხვით ჩვენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების პრესსამსახურებს მივმართეთ.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს“, _ განაცხადეს ლანჩხუთის მერიაში.
რაც შეეხება ჩოხატაურს, მერიიდან მიღებულ კომენტარში აღნიშნულია: „ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ პროცესის სრულად დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.
ავტორი

































































