უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესზე მიანიშნებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკამ განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია ახლა უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე აქამდე იყო.
“იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ულტიმატუმი ან წითელი ხაზები დაგვიყენონ, ან უკრაინას კაპიტულაცია მოითხოვონ, ისინი ახლა, როგორც ჩანს, დაიწყებენ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“, – განუცხადა მან Radio 4’s Today-ს.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ ცალკეულ კომენტარებში, უკრაინელი მომლაპარაკებელი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ფოკუსირებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის დამყარებაზე, რუსული ჯარების გაყვანაზე და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე.