თბილისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ რიგით მე-5 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარე და განახლებული პოლიტსაბჭო აირჩიეს.
ყრილობას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა, შეხვედრას პარტიის კიდევ 2 დეპუტატი _ გედევან ფოფხაძე და ნუკრი ქანთარია არ დაესწრებია. გარდა ამისა, როგორც „გურია ნიუსს“ წყარომ უთხრა, ყრილობაზე არ შეუშვეს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე. თუმცა, როგორც ოზურგეთის მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, შარაშენიძის თქმით, ის არც მისულა ყრილობაზე.
“გურია ნიუსმა” სცადა, გაერკვია პარტიის წევრების ყრილობაზე მიუსვლელობის მიზეზები.
როგორც ნუკრი ქანთარია ჩვენთან საუბარში ამბობს, ყრილობაზე ვერ მივიდა, რადგან ქალაქში არ იმყოფებოდა.
“არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში და ამიტომ ყრილობას ვერ დავესწარი. ქალაქში არც ახლა ვარ, სად ვარ, რა მნიშვნელობა აქვს”, _ ამბობს ქანთარია.
რაც შეეხება, გედევან ფოფხაძეს, “გურია ნიუსი” მასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ პარლამენტარს ტელეფონი ამ დროისთვის გამორთული აქვს.