ზაფხულის სეზონზე, როდესაც ჩოხატაურის სოფლებში მოსახლეობის ნაკადი საგრძნობლად იზრდება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამჯერად პრობლემამ სოფელ ბუკისციხეში იჩინა თავი _ ადგილობრივების თქმით, ტერიტორიიდან ერთადერთი ხელმისაწვდომი სანაგვე კონტეინერი გაუჩინარდა, რამაც მოსახლეობას სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა.
პრობლემის შესახებ “გურია ნიუსს” 20 ივლისს აცნობეს ადგილობრივებმა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ზაფხულობით სოფელში დამსვენებლებისა და სტუმრების რაოდენობა მკვეთრად იმატებს, შესაბამისად, იზრდება ნარჩენების მოცულობაც.
“ჩემს სოფელში, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობს და ზაფხულობით, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყრის თავს, იდგა სანაგვე ყუთი. ახლა ერთი სანაგვე ყუთი დგას დაბლაციხე-ბუკისციხის საზღვარზე, რომელიც სულ სავსეა. ვისაც ავტომობილი არ ჰყავს, ვერსად ვერ წაიღებს ნაგავს”, _ აცხადებს სოფლის მცხოვრები.
მოსახლეობის თქმით, ალტერნატიული ურნა, რომელიც მეზობელი სოფლის საზღვართან მდებარეობს, გადავსებულია და ფეხით მოსიარულეებისთვის მასთან მისვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
იმის გასარკვევად, თუ სად და რატომ წაიღეს ნაგვის ყუთი, რომელიც სოფელ ბუკისციხის ერთ-ერთ შესახვევში იყო განთავსებული, რა მდგომარეობაა სხვა სოფლებში, რა ტექნიკა ემსახურება მუნიციპალიტეტს და რა სიხშირით ხდება ნარჩენების გატანა, “გურია ნიუსი” თავდაპირველად, ა(ა)იპ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელს, თემურ კოროშინაძეს დაუკავშირდა.
მან გვითხრა, რომ 21 ივლისის დილას ჩაგვეწერებოდა, თუმცა, მოგვიანებით, პოზიცია შეცვალა და საკითხის ოფიციალურად გასაშუქებლად ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური შეკითხვებით 22 ივლისს მივმართეთ.
მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, უწყება განმარტავს, თუ რა რესურსია მობილიზებული მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების უზრუნველსაყოფად:
“თქვენი CA00412812974036 (22.07.2026 წელი) წერილის პასუხად, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ექსპლოატაციაშია 5 ერთეული სანაგვეზიდი ავტომანქანა. აქედან დაბა ჩოხატაურის ტერიტორიას და სოფლებს ემსახურება 2-2 სანაგვეზიდი, კურორტ ბახმაროში კი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ხდება 2 სანაგვეზიდის მონაცვლეობით.
საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში, დაბა ჩოხატაურის ტერიტორიიდან კი _ დილას და საღამოს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 366 ერთეული სანაგვე ურნის კონტეინერი. მათ შორის:
დაბა ჩოხატაურში _ 78 ერთეული;
მუნიციპალიტეტის სოფლებში _ 246 ერთეული;
დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე _ 42 ერთეული”.
რაც შეეხება უშუალოდ სოფელ ბუკისციხეში შექმნილ პრობლემასა და აღებულ კონტეინერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, რომ შეფერხება დროებითი ხასიათისაა:
“რაც შეეხება სოფელ ბუკისციხეში სანაგვე ურნის კონტეინერის აღების საკითხს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული კონტეინერი დროებით იქნა აღებული სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით და ხუთი დღის შემდეგ დაუბრუნდა მის პირვანდელ ადგილს”, _ აღნიშნულია მერიის ოფიციალურ პასუხში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანაგვე ურნებში მოსახლეობა ხშირად ყრის სამშენებლო ნარჩენებს, საკმაოდ მძიმე და დიდი ზომის ნივთებს, იყო შემთხვევები, როცა გადაგდებული ნივთი სანაგვე ურნაში არ ჩაეტია და სახურავი არ იხურებოდა… ასეთ დროს ნაგავმზიდ მანქანებს უჭირთ ნაგვის გატანა. გარდა ამისა, ამან შესაძლებელია მანქანის ან ურნის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, ნაგვის დროულად გატანის პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობასაც ეკისრება.
ავტორი

































































