საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც გზებზე სიჩქარის გადაჭარბების პრევენციასა და აღსრულების მექანიზმების გამკაცრებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, ვინაიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემა პრაქტიკაში ეფექტურად ვერ მუშაობს, იგეგმება ცვლილება, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები ჩამოეჭრებათ.
ვიდეოკონტროლის გაფართოება: „112“-თან კოორდინაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით — განსაკუთრებით მაღალი რისკის მონაკვეთებზე — ახალი ვიდეოკამერები დამონტაჟდება.
სიჩქარის ლიმიტების შემცირება: იგეგმება მუშაობა დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარისა და სიჩქარის გადაჭარბების (ტოლერანტობის) ზღვარის შემცირებაზე.
ინფრასტრუქტურა და „შავი წერტილები“: გაგრძელდება გზებზე სახიფათო მონაკვეთების („შავი წერტილების“) იდენტიფიცირება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ცნობიერების ამაღლება: მოეწყობა საგანმანათლებლო და პრევენციული სოციალური კამპანიები.
მთავრობაში განმარტავენ, რომ სიჩქარის ეფექტური მენეჯმენტი შეამცირებს ავარიების, გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობას, შეამცირებს ჰაერის დაბინძურებასა და ხმაურს, ასევე გააუმჯობესებს ქვეითთა და ორთვლიანი ტრანსპორტით მოსარგებლეთა გადაადგილებას.
































































