თავად გია ცქვიტინიძე ამ ფაქტს ჩვენთან საუბრის დროს ადასტურებს და ამბობს, რომ ის რჩება ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი.
გია ცქვიტინიძე: _ მე 2010 წლიდან “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვარ და საკმაოდ ბევრი გამიკეთებია ამ მოძრაობისთვის ოზურგეთის მასშტაბით, მაგრამ იმ შინაგანმა უთანხმოებამ ამ პარტიის მიმართ, რაც ბოლო დროს ჩემში არსებობდა, დღეს საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ეს პარტია. მე დიდი ხანია ვაკვირდები ამ პარტიის წევრების განცხადებებს და ქმედებებს, განსაკუთრებით კი ამ პარტიის ყოფილი ლიდერის ირაკლი ალასანიას. როგორც იცით, ის ამერიკაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც მან ისეთი განცხადება გააკეთა, რამაც საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება, დამეტოვებინა “თავისუფალი დემოკრატები”. კერძოდ, “ევრაზიანეტთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და წინა მთავრობის მიერ აღებულ მყარ ნიადაგზე წინსვლა უნდა გავაგრძელოთო. ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია _ რომელ მყარ ნიადაგზეა საუბარი, სააკაშვილის რომელ ძალისხმევაზე? მიუღებელია ისიც, როდესაც ის, ფაქტობრივად, ბოდიშს იხდის იმ ქმედებებისთვის, რაც ხელისუფლებამ განახორციელა დასავლეთის მიერ პოლიტიკურ დევნილებად აღქმულ ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ და ამბობს: “ჩვენ დავუშვით შეცდომები; არჩევნების შემდეგ უამრავმა ემოციამ იფეთქა, თუმცა, ვფიქრობ, ახლა ყველაფერი ლაგდება”. მან ამით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ საქართველოში ოპონენტების პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ძირითადად ეს არის ის მიზეზები, რის გამო მე “თავისუფალ დემოკრატების” რიგებს ვტოვებ, თუმცა, ვრჩები ბატონი ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის, როგორც ერთიანი ძალის მხარდამჭერი.
_ ირაკლი ალასანიას ამ განცხადებას პარტიაშიც მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება თუ მხოლოდ თქვენთვის იყო ეს განცხადება მიუღებელი?
_ მე პარტიასთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს, რადგან ჩემი საქმით ვარ დაკავებული. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფიქრობენ ამ განცხადების შესახებ იქ და არც დავინტერესებულვარ. ეს განცხადება, როგორც ვთქვი, ჩემთვის მიუღებელია.
_ როგორც ვიცით, თქვენ და ირაკლი ალასანიას მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. მას თუ დაუკავშირდით ამ საკითხთან დაკავშირებით?
_ მე ირაკლი ალასანიასთან კონკრეტულად ამ საკითხზე დაკავშირება არ მიცდია, თუმცა, მქონდა მცდელობა დავკავშირებოდი მას სხვა საკითხებზე, მაგრამ უშედეგოდ. ასე რომ, ჩემი მორიგი მცდელობა მიმემართა მისთვის ამ საკითხზე, ვიცოდი, რომ იქნებოდა აზრსმოკლებული.
გთავაზობთ ამონარიდს ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუდან, რომელიც მან Eurasianet-ს მისცა: “საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ნატო-სა და ნატო-ში საქართველოს მომავალზე დაიწყო საუბარი. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობების მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე წინსვლა უნდა გავაგრძელოთ”, _ ამბობს ირაკლი ალასანია.