ტელეკომპანია "მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"არ ვიცი, ამ ეტაპზე, მიჭირს პასუხის გაცემა დაასრულა თუ არა მან თვითმკვლელობით სიცოცხლე. ვერაფერს გეტყვით. ბოლოს ურთიერთობა მხოლოდ სასამართლო პროცესზე მქონდა, დაახლოებით ერთი წლის წინ. მეტჯერ ეროსი არ მინახავს. უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მის პოლიტიკურ საქმიანობას, ამაზე წინასწარ კომენტარის გაკეთება მიჭირს. მეც ახლახანს გავიგე ეს ამბავი და ძალიან მიჭირს ანალიზის გაკეთება რა მოხდა“, _ აცხადებს ღლონტი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ღლონტსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დაპირისპირება ტელეკომპანია"მაესტროს"-თან დაკავშირებით 2011 ბოლოს დაიწყო, რაც სასამართლოში დავით გაგრძელდა.
2011 წლის 30 ნოემბერს, დილის 7 საათზე ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს“ ღობეზე გადაძვრა, შენობაში შეაღწია და განაცხადა, რომ სამსახურებიდან დაითხოვა არხის მთავრი პროდიუსერი, გენერალური დირექტორი და სხვა პირები.
ტელეკომპანიის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მაშინ აცხადებდა, რომ კიწმარიშვილს, როგორც ”მმართველი კომპანიის დამფუძნებელს, არ ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა არხის გენერალური დირექტორი და სხვა პირები“.
არხის დამფუძნებლები კი აცხადებენ, რომ კიწმარიშვილის მხრიდან ”ადგილი ჰქონდა ტელე-კომპანიის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას.”
თავის მხრივ, ეროსი კიწმარიშვილი დამფუძნებლების მხრიდან მმართველი კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ სცნობდა და კომპანიის ფინანსურ რევიზიას მოითხოვდა.
ამასთან, რუსთავის მედიის მართვის კომპანიია“ "მაესტროსგან“ ტელეკომპანიის მართვის ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ზიანის ანაზღაურებას 10 მილიონი დოლარის ოდენობით და "მაესტროსთვის“ მოზიდული 7 მილიონამდე ლარის დაბრუნებას ითხოვდა.
ამის შემდეგ დავა სასამართლოში რამდენიმე წელი გაგრძელდა. 2013 წლის 21 დეკემბერს სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილს, "მაესტროს" სასარგებლოდ, მილიონ 300 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
2013 წლის 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი, შპს ”სტუდია მაესტროს” მიმართ 7 341 670 ლარის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.






































































