(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “თავისუფალი პარტიის” ლიდერი კახა კუკავა, ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრისას, ჰიბრიდულ სიმინდის თემას შეეხო. მისი თქმით, მოუსავლიანობის მიზეზი ვადაგასული თესლია: _ დაზარალებულ რეგიონებს შორისაა გურია და კერძოდ, ლანჩხუთი. ვერც ერთ რეგიონში ვერ ვნახე ისეთი ადგილი, სადაც ჰიბრიდული ჯიშის სიმინდმა ისეთი მოსავალი მოგვცა, რასაც პროგნოზირებდნენ. პრობლემა ჰიბრიდულ ჯიშში კი არ არის, არამედ კომპანია “პიონერის” საქმიანობაში, რომელმაც ვადაგასული თესლი გაყიდა და ვიღაცამ ამაში ფული “მოტეხა”. ჩვენ ტრადიციული დარგების განვითარება უნდა მოვახდინოთ. წელს კატასტროფული მდგომარეობა იყო ჩაისა და ციტრუსის მოყვანის კუთხით _ 3 000 და 7 000 ტონა! არადა, იმ კომუნისტების დროს, რასაც დღეს ასე ლანძღავენ, ანეკდოტად დადიოდა _ ლანჩხუთში იმდენი ჩაი მოიწიეს, “გურია” უმაღლეს ლიგაში გადავიდაო. დიახ, იმდენი შემოსავალი ჰქონდა რაიონს, რომ აფინანსებდა ყველა მნიშვნელოვან პროექტს და შეეძლო დაეფინანსებინა გუნდი, რომელიც მილიონიანი გიგანტი ქალაქების გვერდით თამაშობდა! დღეს კი ნაყოფიერი მიწები იყიდება უცხოელებზე, არაბებზე, ჩინელებზე, ბურებს უხდიან კახეთში ფულს, ვენახი რომ გააშენონ, ადგილობრივ გლეხებს კი _ გაჩეხვაში. ეს არ არის თავისუფალი ეკონომიკა, _ ამბობს კახა კუკავა.