რაიკოოპერატივების კუთვნილი ქონების მეპაიეები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასია, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ _ ისინი იმ ქონების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც 2006 წელს სახელმწიფოსთვის იძულებით აჩუქებინეს.
ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა _ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში, მეპაიეებმა სამართლიანობისთვის ბრძოლა დაიწყეს იმ იმედით, რომ შესაბამისი უწყებები მათზე გახორციელებული ზეწოლისა და ქონების წართმევის ფაქტებს გამოიძიებდნენ.
ოზურგეთის რაიკავშირის ყოფილი თავმჯდომარე ვანო კალანდარიშვილი და რამდენიმე თანამშრომელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას იხსენებდნენ, როგორ დაიბარეს პროკურატურაში და როგორ „აჩუქებინეს“ ქონება სახელმწიფოსთვის. იხსენებენ იმასაც, რომ ამ პროცესს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი, დღეს კი დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანია ხელმძღვანელობდა. მეპაიეები თქმით, ჯალაღანია პირადად იბარებდა მათ და აიძულებდა, ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ:
_ ილია ჯალაღანია ყოველდღე მიბარებდა. მიმატანინა მეპაიეთა სიები. რადგან მეპაიეთა კრების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, იძულებული ვიყავი, ზოგიერთთან მე მეწარმოებინა საუბარი, ბევრს ვერ ვითანხმებდი, ამიტომ მათ თვითონ ჯალაღანია იბარებდა და ახდენდა ზეწოლას. ვინც ურჩი მეპაიე იყო, იმას ემუქრებოდა – ოჯახის დასაქმებული წევრის სამსახურიდან გათავისუფლებით ან დაჭერით, _ ამბობდა გურია ნიუსთან საუბრისას ოზურგეთის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ვანო კალანდარიშვილი.
ანალოგიურ ფაქტს ჰყვება „გურია ნიუსთან“ ჩოხატაურის რაიკავშირის ყოფილი დირექტორი, ავთანდილ ბერიშვილი და დეტალურად იხსენებს იმ დროს, როცა ჯალაღანიამ ქონება სახელწიფოსთვის იძულებით აჩუქებინა:
_ ეს ქონება კოოპერატიული _ კერძო საკუთრება იყო; არც მთავრობას, არც პრეზიდენტს, არც ადგილობრივ ხელმძღვანელობას, არ ჰქონდათ უფლება მეპაიეების მიერ შექმნილ ქონებაზე პრეტენზია განეცხადებინათ. „ნაციონალური“ ხელისუფლების მოსვლისთანავე, ცეკავშირი გაურიგდა მათ და დანაშაულობების დაფარვის ხარჯზე, ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. არც ერთ თავმჯდომარეს არ უნდოდა ისტორიაში შესულიყო ადამიანად, რომელიც საკუთარ რაიონში დაასამარებდა ცეკავშირის სისტემას და რაიკოოპერატივს.
ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ორგანიზაცია, საერთაშორისო ალიანსის წევრი. არიან სახელმწიფოები, ჩვენზე ძლიერები და ცივილურები, სადაც საერთო პროდუქციაში ცეკავშირის წილი არის 55-დან 60%-მდე. არის ქვეყნები, რომლებშიც ასეთი ორგანიზაციებიდან შესული ფულით სახელმწიფო ბიუჯეტის 80%-იც კი ივსებოდა. დავამატებ ერთსაც _ კომუნისტების დროს ვაჭრობის 4 სისტემა იყო და აქედან, ერთი ცეკავშირი დანარჩენ სამს, ერთად აღებულს სჯობდა _ 41% იყო მისი წილი.
ჩამორთმევის პროცესი არ დაწყებულა დიალოგით _ პირველივე დღეს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით, უზრდელობით და ციხეში ჩასმის მუქარით დაიწყეს საუბარი.
დაგვიბარეს ქუთაისში, საფინანსო პოლიციაში. ახლა აღარაფერი არ მიკვირს მაგათგან, მაგრამ მაშინ ამას არ ვიყავით მიჩვეულები. მახსოვს, უხეში ფორმებით მოკიდეს პიჯაკზე ხელი ერთ-ერთ თავმჯდომარეს და უთხრეს _ ახლავე შეგაგდებთ კამერაში და მერე იმართლეთ იქ თავი, თუ ახლა ამ წინადადებას არ მიიღებთო. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მას ჰყავს ერთგული ხელი, დავით კეზერაშვილიო.
იქ არც კი დაგვალაპარაკეს. შემოვარდებოდა ვიღაც შავებში ჩაცმული პიროვნება და ეუბნებოდა ხელმძღვანელობას _ ბატონო, ჩვენ მოვიყვანეთ, ვის დასაპატიმრებლადაც გაგვიშვით და რა ვუყოთო. შეყარეთ ციხეშიო! _ პასუხობდნენ. ორჯერ განმეორდა ასეთი რამ _ ამით ჩვენი დამუშავება მიმდინარეობდა. შესაბამისად, არანაირი გამოსავალი არ გვქონდა და დავეთანხმეთ _ თუ ასე უჭირს ქვეყანას, წაიღოს ეს ქონებაო. უფ, რა კარგი ბიჭები ყოფილხართო, გვითხრეს და გამოგვიშვეს.
ამ შეხვედრიდან ძალიან მალე, ქუთაისში დაგვიბარეს ისევ. ამჯერად მთელი დასავლეთ საქართველო შეკრიბეს ვიღაც პროკურორ ჩოგოვაძესთან. იქ გვითხრეს, თუ არ ჩავაბარებდით ქონებას, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით; გურულებს კი დაგვიკონკრეტეს, რომ „ჩვენი უფროსი“ ილია ჯალაღანია იქნებოდა.
_ მაშინ ჯალაღანია პროკურორი იყო?
_ კი. მას მანამდე არც ვიცნობდი. მალე დამირეკეს, რომ ჯალაღანია ჩოხატაურში ჩამოდიოდა ჩასაბარებელი ობიექტების სანახავად. მანამდე ქონების ნუსხა ჩამოგვართვეს. ამ პროცესს იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე კობა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ჯალაღანია რომ ჩამოვიდა, ყველა ობიექტზე მივიყვანე. როცა შენობები ნახა, ბევრი არ მოეწონა _ ეს ვის უნდა, ეს ჩვენ არ გვჭირდებაო, იძახდა. მითხრა, მაქსიმუმ, 5 ობიექტს თუ წავიღებთ, დანარჩენი მეპაიეებს დარჩებათო. ეს შენობები, რომლის დატოვებასაც პროკურორი დამპირდა, დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ვთხოვე, დაეტოვებინა შენობა, რომელიც სამტრედიის გზაზე იყო და რომელშიც სხდომებს ვატარებდით. _ რაზეა საუბარი, აუცილებლადო, _ მითხრა. მეორე დღეს კი დამირეკეს, რომ ოზურგეთიდან პროკურორები იყვნენ ჩამოსული ობიექტების დასასურათებლად.
_ პროკურორები ნახულობდნენ ობიექტებს და სურათებს იღებდნენ?
_ დიახ. როცა ფოტოების გადაღება დაიწყეს, ვუთხარი, რომ ბატონი ილია ობიექტების ნაწილს გვიტოვებდა. თავი გაიგიჟეს, არაო. ვიფიქრე, რომ მატყუებდნენ, რადგან ჯალაღანიამ პირობა მომცა. მერე კი აღმოჩნდა, რომ თავად ჯალაღანიამ მომატყუა.
_ რამდენი ადამიანი დაზარალდა ამით?
_ ჩვენთან, ჩოხატაურში 52 ადამიანი, _ აღნიშნა ბერიშვილმა.
რაიკავშირის ქონებას ბახმაროს მიწები და რამდენიმე კარიერი მოჰყვა. სწორედ ჯალაღანიას პროკურორობის დროს ჩააბარებინეს ათეულობით ადამიანს ბახმაროში არსებული მიწები და ჩაბარების საფასური _ 15 ლარიც გადაახდევინეს.
ჯალაღანიას პროკურორობის დროს ათეულობით ადამიანს ჩამოართვეს ნასესხები ფულით მოჭრილი სამასალე მორები, რომელთა ნაწილი, მოგვიანებით სახერხებზე დაალპეს. ამის შესახებ პროკურატურაში არა ერთი საჩივარი თუ განცხადება შეიტანეს, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია.
ილია ჯალაღანია დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორია.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, გურია ნიუსთან ამბობდა, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია.
_ ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო, რომელიც ილია ჯალაღანიას ინიციატივით ნამდვილად არ მომხდარა. ეს გახორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით. თვითონ რაიკავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. უვარგისი შენობები, რომელიც მოუვლელი იყო, გადაეცა სახელმწიფოს. პროკურატურის კურსი, ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ იყო; უბრალოდ, ევალებოდა ასეთი შენობების აღრიცხვა, რა ქონება იყო. ამ ქმედებაში პროკურატურას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ძალიან გთხოვთ, სწორად გაიგეთ _ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა პროკურატურის მხრიდან. ეს მოხდა ყველა რაიონში, _ ამბობდა ჯალაღანია გურია ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ეს ინტერვიუ მაშინ ჩაიწერა, როდესაც მთავარი პროკურორი კბილაშვილი იყო. მთავარმა პროკურორმა ჯალაღანიას წარსულის შესახებ, რომლის მისამართითაც ბევრი შეკითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია, ჩვენგან გაიგო და აღნიშნა, რომ ამ საკითხით გენერალური ინსპექცია დაინტერესდებოდა, თუმცა, საქმე დაპირების იქით არ წასულა.
ჯალაღანია, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილის კადრად ითვლება, დღესაც საოლქო პროკურორია. მიუხედავად იმისა, რომ მეპაიეების ნაწილს სარჩელი პროკურატურაში აქვთ შეტანილი, გამოძიების იმედი არ აქვთ:
_ ვინ უნდა გამოიძიოს? იმან, ვინც წაგვართვა? ვინც გვაშანტაჟებდა, გვემუქრებოდა, ღირსებას გვილახავდა? როცა ამ ხელისუფლებას ხმას ვაძლევდით, მართლა გვჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა, მაგრამ მწარედ შევცდით _ ამათ უარესად დაგვცინეს. ის ადამიანი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაგვაკულაკა, დააწინაურეს. აი, ასეთი სამართალია ჩვენს ქვეყანაში, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას მეპაიიები.
მეპაიეების განმარტებით, მათთვის ჩამორთმეული ქონება ჯალაღანიამ მის ახლობლებს მიზერულ ფასად შეაძენინა (იხილეთ ლინკი).
აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯალაღანიას პროკურორობის დროს მოხდა ჟურნალისტების ცემის და შეურაცხყოფის რამდენიმე გამოუძიებელი შემთხვევა. „გურია ნიუსის“ სამი საჩივრიდან, რომელიც ფაქტებით და მტკიცებულებებით იყო გამყარებული, შედეგი არც ერთ შემთხვევაზე არ დამდგარა. უფრო მეტიც, პროკურატურას პასუხის მოსაწერადაც კი არ უზრუნია. სამაგიეროდ, მოწმეებს, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობის თვითმხილველები იყვნენ, ჯალაღანიას ქვეშევრდომი პროკურორები შუაღამით სახლში აკითხავდნენ და ჩვენების შეცვლას მოითხოვდნენ.
ჯალაღანიას გურიაში მოღვაწეობის დროს, ჩვენ მხარეს 2 პოლიტპატიმარი ჰყავდა _ გოჩა ჯიქია და მამუკა ცინცაძე. ადამიანები, რომლებიც ძველმა ხელისუფლებამ 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობისთვის დასაჯა.
მამუკა ცინცაძეს, რომლის სახლში, პროკურატურის მტკიცებით, ქათმები კვერცხების ნაცვლად ავტომატის მჭიდებს დებდნენ, კარგად ახსოვს ჯალაღანიას ქვემდებარე პროკურორების ვიზიტები ციხეში, რომლებსაც არჩადენილი დანაშაულის აღიარების საკუთარი ვერსიები მრავლად ჰქონდათ. ცინცაძე პოლიტპატიმარი გახლდათ და მის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშიც არის საუბარი.
გოჩა ჯიქია 7 ნოემბრის აქციიდან ძალიან მალე, ჩოხატაურის ცენტრში დააკავეს და ავტომანქანაში, რომელშიც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, ტროტილი „აღმოუჩინეს“. თეთრი ძაფით ნაკერმა ამ საქმემაც ილია ჯალაღანიას ხელში გაიარა და როგორც ჯიქია ამბობს, „ამისთვის მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს“.
აღსანიშნავია, რომ ჯალაღანიამ გურია საკმაოდ დიდი ფინანსური შენაძენით დატოვა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ილია ჯალაღანიას, შეკვეთილში ნასყიდობის საფუძველზე, 2006 წლის 24 ნოემბრიდან საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 280 კვმ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 9 ნოემბრიდან ამ ნაკვეთზე რეგისტრირებულია სააგარაკო სახლი.
2009 წელს, ჯალაღანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ 46 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და ამ თანხით მოახერხა მიწის და სახლის შეძენაც. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ოზურგეთის პროკურორს სესხი 2008 წლის 2 ნოემბერს აქვს აღებული ბანკ „რესპუბლიკაში“ ანუ, მას შემდეგ რაც მიწაც დაიკანონა და სახლიც ააშენა.
მიწის დანარჩენ ფართზე კი, ორი _ დასრულებული და ერთიც _ მშენებარე სახლი დგას. ერთი სახლი, ყოფილ პროკურორს და ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ ჩოგოვაძეს ეკუთვნის, რომელიც ჯალაღანიას უახლოესი მეგობარია და ერთიც _ აწ უკვე ყოფილ პროკურორს _ ზაზა ქაჩიბაიას.
ჩვენ შევეცადეთ საოლქო პროკურორის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ _ ილია ჯალაღანიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
ამიტომ „გურია ნიუსის“ არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს ლინკს, რომელშიც ჯალაღანია მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხებს სცემს.
პ.ს. „გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.
ამავე თემაზე: ბეგი სიორიძე "ნაციონალების" დროს დაგროვილ ქონებაზე, ოპონენტებსა და სამომავლო გეგმებზე; დასავლეთ საქართველოს ახალი პროკურორი, 7 ნოემბერი და ხალხისთვის წართმეული ქონება; ჯალაღანიას “შეუბღალავ“ წარსულს კბილაშვილი ჩვენგან იგებს და გენინსპექციაში გვამისამართებს