საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება.
"იურისტთა იმ ჯგუფის კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ადამიანის პატიმრობაში ღირებულებას ვერ ხედავს, თუკი ძალადობრივი დანაშაული არ არის ჩადენილი. ამიტომ, თუ ეს ნამდვილად ასეა და პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, მივესალმები", _ აღნიშნა ხიდაშელმა დ დასძინა, რომ როცა პარლამენტის წევრი იყო, თვითონაც ხელი მოაწერა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა.
საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია 2015 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე.
































































