მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი, რომელიც "ფორბსის" მონაცემებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას უდგას სათავეში, დაინტერესებულია კოლუმბიის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით.
ამის მიზეზი გახდა ამ ქვეყნის ხელისუფლების გამჭვირვალობა სანავთობო საბადოებისა და ბუნებრივი წიაღისეულის აქტივებთან დაკავშირებით.
სლიმი აცხადებს, რომ ნავთობის მოძიებისა და მოპოვების სფეროში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებს კოლუმბიაში. "კოლუმბიის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს სანავთობო მრეწველობის განვითარებას და საერთოდ, ინვესტიციების წახალისება უნდა", – განაცხადა სლიმმა.
ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი განუხრელად იზრდება და ეს განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში მასზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული, რაც, უპირველესად, ჩინეთსა და ინდოეთს ეხება. ამ ქვეყნებში საშუალო ფენა იზრდება და მასთან ერთად იზრდება მოთხოვნაც საწვავსა და სხვა პროდუქციაზე.
კარლოს სლიმი მობილური კავშირების კომპანიის – "ამერიკა მოვილ საბის" მფლობელია. ის მომავალ წელს ლათინური ამერიკის ქვეყნებში 8,3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.




































































