16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მირ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები "სამოქალაქო კოდექსში" და "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონში შედის.
არსებული კანონმდებლობით, არასრულწლოვან პირთა ქორწინება, მათი მშობლების ან მეურვე პირების თანხმობით ხდებოდა შესაძლებელი. მას შემდეგ, როცა კანონში ცვლილებები შევა, მათი დაქორწინება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით მოხდება, ისიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში, გოგონას შემთხვევაში, თუ ის ფეხმძიმედაა, და ვაჟის შემთხვევაში, თუ ის ბავშვს ელოდება.
"საქართველოში ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირების მშობლები არიან თავიანთი შვილების ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები. მშობელთა შორის ხდება გარიგება ფულის ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგონების მოტაცების შემდეგ, მშობლები მათ უკან აღარ იღებენ, რითაც ფაქტობრივად შვილებს აიძულებენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ შექმნან ოჯახი არასასურველ პირთან."– ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში.

































































