რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან შეხვედრის დროს? რა არის მთავარი პირველ შეხვედრაზე? როგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი? რა ნაბიჯები გადავდგათ რომ თავი შევაყვაროთ? – გასათხოვარ და ბედნიერების მსურველ ქალბატონებს ტრენინგ-ცენტრი "ბედნიერი ქალი", 100-ლარად, ტრენინგზე ეპატიჟება.
პოსტმა, რომელიც სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გაჩნდა, დიდი დაინტერესება გამოიწვია. რას გულისხმობს ტრენინგკურსი, რა პრაქტიკულ და თეორიულ მასალას შეასწავლიან ტრენინგის მონაწილეებს და ჩატარდება თუ არა მსგავსი ტრენინგი მამაკაცებისთვის, – ამ თემებზე "გურია ნიუსი" "ბედნიერი ქალის" ტრენერს მაია ჩადუნელს ესაუბრა.
_ ქალბატონო მაია, რამდენი ხანია, რაც თქვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და საიდან გაჩნდა ტრენინგის იდეა?
_სულ რაღაც ორი დღეა, რაც ორგანიზაცია დაარსდა. არ გვეგონა, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ტრენინგის გამოცხადებას. ჩვენ ეს გავაკეთეთ უფრო შინაური წრისთვის, მეგობრებისთვის, მეგობრის მეგობრებისთვის და ისეთი ამბავი ატყდა, რომ ვფიქრობთ, გავიშლებით და დიდ მასშტაბებზე გადავალთ.
_ რას გულისხმობს ტრენინგის კურსი?
_ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა. პრაქტიკული კურსები, ანუ ვარჯიშები მოიცავს როგორ ვისწავლოთ გაღიმება, რომ არ ვიყოთ ხელოვნური. პრაქტიკაა ღიმილი, ჟესტები, მიმიკა, როგორი უნდა გვქონდეს ვარცხნილობა, მაკიაჟი, თუ მესიჯს მოგწერს მამაკაცი, რომელსაც აინტერესებთ, რამდენ ხანში უნდა უპასუხოთ, პირველმა უნდა დაურეკოთ თუ არა; ასეთი პრაქტიკული ვარჯიშები გვექნება.
_ტრენინგს ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე აკეთებთ, თუ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობით?
_ მსგავსი ტრენინგები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მაქვს გავლილი. ჩამოვედი საქართველოში და გამიჩნდა იდეა, რომ აქაც ჩავატარო იგივე ტრენინგი, რომ ჩვენი ქალბატონები უფრო ბედნიერები გავხადოთ.
_ ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური კურსია?
_რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაზეც ვმუშაობთ, რომ უფრო პოზიტიურად აღიქვან ადამიანებმა ბევრი რამ, უფრო ქალურები და ნაზები გახდნენ. არ იყვნენ ისეთი აქტიურები, რაც ახლა სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოშია. ქალი უფრო აქტიური გახდა, მამაკაცი პასიურია.
_რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობით და არის თუ არა ქართული რეალობა შესწავლილი?
_ქალის ბედნიერებაზე ტრენინგს პირველად საქართველოში ჩავატარებ, მაგრამ თავად ვატარებდი მსგავს ტრენინგებს გერმანიაში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თემაზე გვქონდა ტრენინგები. ამ ტრენინგებს მე თვითონ ვესწრებოდი უკრაინაში და ყაზახეთში.
_ როდის იწყება ეს ტრენინგები და რა ხანგრძლოვობისაა კურსი?
_ტრენინგი ორდღიანია და ტარდება დღეში 5 საათით. 12-დან 5 საათამდე. პირველი ტრენინგი შაბათ-კვირას ჩატარდება და 5-6 ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას. გვინდა ეს იყოს ოჯახური სიტუაცია, ინდივიდუალური მიდგომა ადამიანებთან. ვმუშაობთ უკუკავშირზე, შედეგებიც ძალიან გვაინტერესებს. დასაწყისისთვის ასე გადავწყვიტეთ, მერე ვნახოთ რა იქნება.
_ აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ქალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და მამაკაცები პასიურები გახდნენ. რას გულისხმობთ ამაში და ხომ არ აპირებთ მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მამაკაცებისთვის?
_ იმხელა გამოხმაურება მოჰყვა მამაკაცების მხრიდან ამ ტრენინგის ანონსს, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდით. დღეს უკვე რამდენიმე მამაკაცმა დარეკა, ძალიან უნდათ ასეთი ტრენინგების გავლა. ალბათ, ვიფიქრებთ, მამაკაცებისთვისაც ჩავატაროთ, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ქალბატონებისთვის ვიმუშავებთ.
_რამდენი ადამიანია ამ ეტაპისთვის კურსის გავლის მსურველი?
_ ამ მომენტისთვის მსურველი 674 ადამიანია. თუმცა ტრენინგი მხოლოდ 5-6 ქალბატონისთვის ჩატარდება.
_ რა კრიტერიუმებით აარჩევთ ამ 5-6 ქალბატონს?
_ ჯგუფებად უნდა დავყოთ მონაწილეები. შევარჩევთ ასაკობრივ ჯგუფს. აქცენტს ვაკეთებთ 25-დან 55-წლამდე ქალბატონებზე. თუმცა, ცოტა პატარა რომ იყოს ან ცოტა დიდი 55 წელზე, პრობლემა არც ამაში იქნება. რაც შეეხება თავად ტრენინგების ჩატარების დროს, თავიდან გვინდოდა მხოლოდ შაბათ-კვირას ყოფილიყო, თუმცა მოთხოვნაა იმხელა, კვირის სხვა დღეებში ჩატარებაზეც ვფიქრობთ.
_ რა საჭიროებებს ასახელებენ ქალები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს თქვენს ტრენინგს დაესწრონ, უფრო ბედნიერებაზე კეთდება აქცენტი თუ გათხოვებაზე?
_რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ქალი თავისთავად შეიძლება იყოს ბედნიერი, 99%-ში ქალის ბედნიერება მაინც გათხოვება, ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენაა. ქალი იმისთვისაა დაბადებული, რომ ოჯახი შექმნას. ამ მიმართულებით მივდივართ. ქალების აქტიურობა და კაცების პასიურობა მთელს მსოფლიოში იქამდე მიდის, რომ ძალიან ბევრი მარტოხელა და უბედური ადამიანია. ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური ტრენინგიც, როგორ გავხდეთ ბედნიერები. პოზიტიურად როგორ შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას და რაში ვეძებოთ ეს პოზიტივი.
_ თქვენი დაკვირვებით, რა ასაკიდან მიიჩნევენ ქალები თავს გაუთხოვრად?
_ 28 წლის ზემოთ, ქალები თავს უკვე გაუთხოვრად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
_ ორი დღე საკმარისია იმისთვის, რომ ქალებს ასწავლოთ როგორ იყვნენ ბედნიერები?
_ორი დღე ძალიან ცოტაა, მაგრამ საფუძვლის ჩასაყრელად და დავალებების მისაცემად, რაც მან შემდეგ უნდა გააკეთოს, ამისთვის საკმარისია. ვმუშაობთ უკუკავშირზე, ანუ რა შედეგები მიიღო იმ ადამიანმა, რომელსაც ჩვენი ტრენინგი აქვს გავლილი.
_ ანუ, სტატისტიკურ მონაცემებს აწარმოებთ?
_აუცილებლად გვინდა სტატისტიკის წარმოება. როცა რაღაცას აკეთებ, უნდა იცოდე რა შედეგი მოიტანა ამ საქმიანობამ.
_ ტრენინგის პროგრამაში გიწერიათ, რომ ასწავლით ქალბატონებს როგორ უნდა გათხოვდნენ. შეგიძლიათ, პატარა მინიშნება მაინც გააკეთოთ, როგორ შეიძლება ამას მიაღწიონ?
_ყველა ამ კითხვას მისვამს, მაგრამ ერთი კონკრეტული რამის გაკეთება საკმარისი არ არის. დაწყებული იქედან, როგორ გამოვიყურებით, რომ ვულგარულები არ უნდა ვიყოთ; ასევე, არ უნდა ვიყოთ უხეში, აქტიური, ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. სანამ თქვენ რაიმეს თქმას დააპირებთ, მამაკაცი რომ გიყურებთ, მას უკვე შექმნილი აქვს დაახლოებითი პორტრეტი, ვისთანაც საუბარს აპირებს. ჟესტებს, მიმიკას, ხმის ტემბრს, რა თემებზე ესაუბრებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ განვიხილავთ იმას, რა თემებზე შეიძლება მამაკაცს ესაუბრო და რაზე არ უნდა ესაუბროთ.
_ამას კონკრეტული ჩარჩოები აქვს? ადამიანები ხომ ინდივიდუალურები არიან?
_გეთანხმებით, რომ ყველა ინდივიდუალურია და ამას ორ დღეში ვერ მოვიცავთ, მაგრამ უკუკავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეიქმნას ჯგუფი, ტრენინგის კურსები ვინც გაიარა იმ ადამიანებისგან და ვისაუბროთ რა შედეგები მიიღეს და რა საჭიროებებს ხედავენ კიდევ.
_ გყავთ ქართველი მამაკაცების კონტინგენტი შესწავლილი, მათ რა ინტერესები აქვთ?
_ გვაქვს კაცების კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციაში წერია, ვისთან შეიძლება საერთოდ ურთიერთობის დაწყება და ვისთან არა. ასევე გვაქვს შკალა მამაკაცის თვითდაჯერებულობის – ანუ როგორ აღიქვამს კომპლიმენტს, კრიტიკას, რამდენად წარმატებულია, არის თუ არა ნამდვილად ასე, თუ იტყუება..
_ ფიქრობთ, რომ თქვენი ტრენინგგავლილი ქალბატონებიდან რამდენიმე მაინც გათხოვდება?
_რა თქმა უნდა, ასე იქნება. თუ ყველა იმ დავალებას შეასრულებენ, რასაც მიიღებენ, ამას აუცილებლად შეძლებენ. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას – რაღაც დასაზეპირებელია, რაღაც დასაწერი, კითხვების დასმა უნდა ისწავლონ. თუ ამას გააკეთებენ და რაც მთავარია ქალურები და ნაზები იქნებიან, არ იქნებიან აქტიური, ნამდვილად მიაღწევენ სასურველ შედეგს. არ ვამბობ, რომ ქალი საერთოდ არ უნდა იყოს აქტიური, მაგრამ როდესაც კაცთან ერთად ხარ თუნდაც ყავაზე მიპატიჟებული, შენ ძალიან აქტიური არ უნდა იყო. მამაკაცთან აქტიურობა არ უნდა გამოიჩინო. ეს არის ყველაზე მთავარი. მსოფლიოა ისეა მოწყობილი, დომინანტი არა მარტო ამ შემთხვევაში, მამაკაცია.
_შესაძლოა, ამაში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები შეგეკამათონ…
_შეიძლება, მაგრამ მე იმას არ ვამბობ, რომ ქალს არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს, მარტო ოჯახში იჯდეს; მე ვამბობ, რომ როდესაც კაცთან გაქვს ურთიერთობა და სადღაც მიდიხარ, მოქცევის წესი უნდა იცოდე. ელემენტარული ნორმები, რომ კაცს კაცად აგრძნობინო თავი და შენც ბედნიერი იყო. როგორც ჩვენ ძალიან ქალური მამაკაცები არ მოგვწონს, ისე არიან ისინიც, არ მოსწონთ კაცური ქალები. ცხოვრებაში ქალი ძლიერი და აქტიური უნდა იყოს, თუმცა არა მამაკაცთან ურთიერთობისას.