გურიას რამდენიმე საათია სტიქია უტევს. გადაურებელი წვიმის შედეგად დაზიანებული გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში სტიქიის ზონებში იმყოფებიან:
_ ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ აკეთშია. საბავშვო ბაღის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, მნიშვნელოვნად დაზიანდა გზები. აკეთში წინა სტიქიის დროს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ამ დღეებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ადიდებულმა დმინარემ ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად დააზიანა, _ გვითხრა ურუშაძემ.
სტიქიას ებრძვიან ჩოხატაურშიც, სადაც დატბორილი ქუჩებისა და სახლების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია:
_ გამგეობაში ყოველ წუთს შემოდის ახალი ინფორმაცია სტიქიის ზონებიდან. სოფელ ხიდისთავში ქარმა ხე მოგლიჯა და საავტომობილო გზა ჩახერგა, თუმცა ტექნიკა უკვე სოფელშია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვნად დაზიანდა კოხნარი-სერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ახლახანს შემოვიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ზემოსურებში ერთ-ერთ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, _ აღნიშნა კუჭავამ.
გამგებლების ინფრომაციით ორივე მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმზეა გადასული.