დღეს, "ივლიტას ბიბლიოთეკა" უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს _ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ უნიკალური მასალების დათვალიერების საშუალება ჩოხატაურელებს პირველად მიეცათ.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს 9 ქალაქში დაიგეგმა, თუმცა, "გურია ნიუსის" ინიციატივით ჩოხატაურიც დაემატა.
გამოფენა 12 საათზე გაიხსნა და უკვე ბევრმა დამთვალიერებელმა ნახა _ მათ შორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეებმა, რომლებსაც "ივლიტას ბიბლიოთეკაში" საქართველოს ისტორიის გაკვეთილებიც უტარდებათ.
გამოფენაზე წარმოდგენილია პოლიტიკოსების კოლექციები, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ასევე ფრანგულ ენაზე ნათარგმნი საქართველოს კონსტიტუცია და 26 მაისს პრესაში გამოქვეყნებული მასალები.
"ივლიტას ბიბლიოთეკაში" მოსულ დამთვალიერებელს, ხუთ საათამდე შეუძლია ნახოს ნოე ჟორდანიას საბეჭდი მანქანა, ნოე ჟორდანიას სამელნე, ნოე რამიშვილის სავიზიტო ბარათი, ნოე რამიშვილის, ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, კონსტანტინე კანდელაკის ხელჯოხები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია უნიკალური ფოტოები _ მათ შორის, გერმანელების ჩამოსვლა 1918 წელს, სადაც მხარდაჭერას უცხადებდნენ დამოუკიდებლობის აქტის მისაღებად ქართველებს.
გამოფენის მხარდამჭერები არიან პრემიერ-მინისტრის აპარატი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.







































































