„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, საქართველოში დაახლოებით, 7 000 ჰექტარი თხილის ბაღი გახმა,“ – ამის შესახებ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ რადიო „პალიტრასა” და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ფერმერებისთვის გამოწვევაა კლიმატური ცვლილებები, მათ შორის გახშირებული წვიმები, რაც ბაქტერიულ დაავადებებს ააქტიურებს.
„გახშირდა წვიმები დასავლეთ საქართველოს რეგიონში, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში და შედეგად, პლანტაციები ფაქტობრივად წყალშია კვირების, თვეების განმავლობაში.
შეიძლება ვერ დავაკავშიროთ გლობალურ დათბობასთან ბაქტერიული დაავადებების გავრცელება, თუმცა გახშირებული წვიმები ბაქტერიულ დაავადებებს რომ ააქტიურებს და მათ წინააღმდეგ ბრძოლას აფერხებს, ფაქტია,“ – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში უამინდობის შედეგად მიღებული ზიანის მასშტაბის განსაზღვრა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.
„უამინდობის და წვიმების შედეგად მიღებული ზიანის მასშტაბის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. რამდენიმე რეგიონთან კომუნიკაცია გვქონდა და რთული ვითარებაა იმ მხრივ, რომ დიდმა წვიმებმა დააზიანა თხილის ბაღები.
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ფაქტობრივად ვერ ხერხდება საგაზაფხულო სამუშოების ჩატარება. ფერმერები ბაღებში ფიზიკურად ვერ შედიან, ან ვინც შედის, უშედეგოა ჩატარებული წამლობა, რადგან მეორე დღეს ისევ წვიმებია.
ასევე ფაროსანასთან ბრძოლაც საკმაოდ გართულებულია. ამ მომენტისთვის ზარალის განსაზღვრა რთულია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული შეფერხებაა“, – აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

































































