დოლიძის თქმით, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რადგან, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, ძალიან ბევრი ადამიანი ურეკავდა.
_ თანამდებობის დატოვება უფრო ადრეც მინდოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მივიღე. ის, რაც მოხდა ციხელში, არის დასაგმობი და მიუღებელი. აღარ მქონდა უკვე მორალური უფლება ხელისუფლებაში ვყოფილიყავი და დავტოვე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, _ გვითხრა შოთა დოლიძემ.
მისივე თქმით, ის უკვე დაუკავშირდა თავისი ოჯახის წევრებსაც, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ სად იყო იგი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
შოთა დოლიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს (21 სექტემბერს) დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე.
“რაც მოხდა საჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შესაძლებელია მოხდეს სხვა, განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება, რეალურად დასაჯოს დამნაშავე პირები, რაც უწესობაა, მე კი ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი და ვიქნები!” – ნათქვამის შოთა დოლიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შოთა დოლიძემ სამსახურიდან განთავისუფლების თხოვნის შესახებ განცხადება გუშინ, 4 საათზე დატოვა. “განცხადებაში არაფერია ნათქვამი, სამსახურიდან წასვლის მიზეზის შესახებ. იგი ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწის ფუნქციას ასრულებდა. მოსახლეობასთან შეხვედრებს და შიდა ამბები ევალებოდა, რაც მინისტრის თანაშემწის უფლება-მოვალეობებით არის გათვალისწინებული”, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ლიზა თედორაძემ.
შოთა დოლიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 2005 წლიდან წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. 2006-2007 წლებში იყო შესყიდვების და ორგანიზების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 2007 წლიდან დღემდე მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა.
შოთა დოლიძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.