კოალიციის წევრი სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ქართულ ოცნების” 20 ათას დამკვირვებელს ცესკომ სააკრედიტაციო ბარათი დროულად არ მისცა, რის გამოც, ქობულეთში დაახლოებით 300 დამკვირვებელი უბანზე შესვლას ვერ ახერხებს. “მაშინ, როცა ჩვენ ვგეგმავდით თითოეულ უბანზე 8-10 დამკვირვებელი გვყოლოდა, ახლა გვიხდება იგივე 3-4 დამკვირვებლით გავაკეთოთ,” – ამბობს ოქროპირიძე.
ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქში ამბობენ, რომ კოალიციის მიერ შეტანილი ყველა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. “ჩვენთან კოალიციიდან შემოვიდა 130 დამკვირვებლის რეგისტრაციის შესახებ განცხადება და ყველა დაკმაყოფილდა. ცესკომ რატომ არ გასცა ან გასცა თუ არა აკრედიტაცია, ეს ჩვენ არ გვეხება,” – აცხადებს ოლქის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერიძე.
კოალიციის ინფორმაციით, ქობულეთის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა დარღვევა. “ბიულეტენების ნაკლებობაა სხვადასხვა უბნებზე. #12 და #16 უბნებზე კომისიის თავმჯდომარემ კოდექსის უცოდინრობის გამო არ შეუშვა ჩვენი დამკვირვებლები, რომლებიც კამერებით იყვნენ და უნდა გადაეღოთ პროცესი. ასევე #9 საარჩევნო უბანზე გამოიყენეს საწერკალამი, რომლით ნაწერიც შემდეგ გაქრა,” – აცხადებს კოალიციის ქობულეთის ორგანიზაციის წევრი სულხან ოქროპირიძე.
გუშინ ღამით, ქართული ოცნების აქტივისტების ტელეფონებზე გახორციელდა ზარები -უცნობი პირები კოალიციის მხარდამჭერებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი პოლიციიდან ურეკავდნენ და დღეს დაბარებული არიან განყოფილებაში. სულხან ოქროპირიძის განცხადებით, დაახლოებით 6 ადამიანს დაურეკეს. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ამომრჩეველზე ზეწოლაა.