ცხადია, ამ ფაქტზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა მსაგავს შემთხვევბს რომ ადგილი ჰქონდა, ეს “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან უთხრეს.
“გურია ნიუსი” შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებთან და წევრებთან გადაემოწმებინა.
მერაბ მჟავია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი:
_საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება” უკვე შექმნილია., ზეწოლა არ მესმის რა ფორმით უნდა გახორციელებულიყო? ზეწოლა კი არა და ვმეგობრობთ, ურთიერთობა გვაქვს ლამაზი და საქმიანი, ერთანეთს ვცემთ პატივს. ზეწოლა შეიძლება იყოს ყანწით ღვინის დალევაში, სხვანაირად არ მესმის ვინ და როგორ უნდა დაგაძალოს რამე? კოტე შარაშენიძე არის გამგებელი, რომელიც ერთხმად აირჩია საკრებულომ, ზეწოლით არ ხდება ასეთი რამ.
თემურ მოქია, რომელმაც რამდენიმე დღეა რაც დატოვა ფრაქცია, “ნაციონლური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტი, აღნიშნავს, რომ მისი მისმართით მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც მეგობრებიდან და სხვა წევრებიდან სმენია მსაგვსი რამ.
_არავითარი ზეწოლა გამგებლის მხრიდან პირადად ჩემთან ურთიერთობაში ნამდვილად არ ყოფილა, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ესე იგი რა გამოდის, მე რომ დავტოვე “ნაციონალური მოძრაობა” ეს გამგებლის მხრიდან ზეწოლის შედეგად გავახორციელე? ეს არის აბსურდი.
_ “გურია ნიუსს” ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ნინიძე, როცა ის ქმნიდა “ქართული ოცნების” ფრაქციას, მასზე გარკვეული ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა, ამის შესახებ ვწერდით კიდეც. .
_ და რა გგონიათ, რომ ლევანმა ის ფრაქცია ზეწოლის შედეგად ჩამოაყალიბა? ან ვინმეს ხათრით გააკეთა? მას აქვს ასეთი აზრი, სწამს დღევანდელი ხელისუფლების, მას უჭერს მხარს და სწორადაც აკეთებს, ეს იყო მისი პირადი სურვილი და სხვა არაფერი, ამით დაუდგა გვერდით შარაშენიძეს და ეს გასამტყუნებელია? პირიქით, _ ამბობს მერაბ მჟავია.
თემურ მოქია: ძალიან მალე, უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება ახალი ფრაქცია, რომელსაც გადავწყვიტეთ, დავარქვათ “ერთობა”. აქ გაერთიანდება “ნაციოანალური მოძრაობის” წევრები, რომლებმაც დატოვეს ოფიციალურად აღნიშნული ფრაქცია.
_ ბატონო თემურ, ვინ უხელმძღვანელებს “ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოში?
_ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, არაა გადაწყვეტილი.
ვალერიან გირკელიძე, სოფელ ბოხვაურის მაჟორიტარი დეპუტატი: იმიტომ ჭიანურდება ეს პროცესები, რომ ადამიანებს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი რომ ზეწოლით ხდებოდეს, მაშინ ორ დღეში გადაწყდებოდა რა და როგორ შექმნილიყო, თუ ეს ერთი ადამიანის მიერ მითითებით უნდა გაკეთებულიყო. აქ არის აზრთა სხვადასხვაობა, ვინ რას ფიქრობს არ ვიცით, იმიტომ, რომ არავითარი კონსულტაციებს ჩვენ არსად არ გავდივართ. ეს ყველაფერი დეპუტატებზეა დამოკიდებული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, “გურია ნიუსთან” ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ზეწოლას ახდენს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებზე არ ადასტურებს და ჩვენი მისამართით აღნიშნავს, რომ უმჯობესია, სხვა საკითხებით დავინტერესდეთ.
_ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ეს არის აბსურდი, რაზე ეყრდნობით, როცა ასეთ შეკითხვას მისვამთ?დამისახელეთ კონკრეტული ფაქტი, სადაც აცხადებენ, რომ მე რომელიმე დეპუტატთან რაიმე სახის კონსულტაცია გავიარე, რა ბერკეტი მაქვს იმისა, რომ ზეწოლა მოვახდინო, ან დავემუქრო, დამისახელეთ.
_ჩვენ წყაროს ნამდვილად ვერ დავასახელებთ, თუმცა ინფორმაციას ვფლობთ.
_ერთ რამეს გეტყვით, ეს არის ჩასაფრებულის პოზიცია, მე არა მაქვს იმის უფლება, რომ ვინმეზე, დეპუტატებზე მით უმეტეს, ზეწოლა მოვახდინო. ჩვენ ვთანამშრომლობთ, მათი საქმეა რას გააკეთებენ, ფრაქცია “ქართული ოცნება” ჩამოყალიბებულია საკრებულოში. მე გამგებელს, იმდენი საქმე მაქვს, ასეთი საქმეებისთვის არ მცალია და არც ასეთ აბსურდულ განცხადებებზე ვაპირებ დავხარჯო დრო, უამრავი პრობლემაა, წლის ბოლოა, ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები გადასაწყვეტია, უამრავი სოციალურად გაჭირვებული დგას ჩემს კარებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდება, ასევე საბავშვო ბაღებს. ახალი წელი მოდის, წინ ცივი ზამთარი გველის და უამრავი საქმეა გადასაკეთებელი და რა გავაკეთე, რას ვაკეთებ ეს უფრო უნდა გაინტერესებდეთ ასე მგონია. ჩემი რჩევა იქნება, ასეთი საკითხებით დაინტერესდეთ, _ გვითხრა შარაშენიძემ.