ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხა.
ჟილინაში ჩატარებული მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ნოდარ ლომინაძის გოლით გახსნა. მეტოქემ 73-ე წუთზე, კალუზინსკის მიერ შესრულებული პენალტით გაათანაბრა. მატჩის ბედი 93-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც გიორგი მაისურაძის პასით, ვასილიოს გორდეზიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ჯგუფის მეორე მატჩი, საფრანგეთსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.
რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ დროისთვის ლომინაძის ტრავმა სერიოზული არ ჩანს. იყო მცირე პრობლემა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაუზა ჰქონდა.
ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა. თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დიდი დატვირთვით ითამაშეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალები რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ.
არ შეიძლება არ გამოვყო საბა საზონოვის თამაში, რადგან ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ასეთი დატვირთვა და ეს ძალიან დასაფასებელია.
პოლონეთის ნაკრებისგან რასაც ველოდით, სწორედ ის ვნახეთ. ეს იყო სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე გუნდი. თამაშს ვაკონტროლებდით. იყო მცირე მონაკვეთი გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით. თუმცა, კარგია, რომ ეს მცირე დროით მოხდა. საერთო ჯამში, მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან თითოეული დავალება ზედმიწევნით შეასრულეს”.
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 ივნისს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ჟილინაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.