სტიქიამ განსაკუთრებით სოფლები _ კოხნარი, ხიდისთავი და ჭაჭიეთი დააზარალა. დაბა ჩოხატაურში რამდენიმე სახლს სახურავი აქვს ახდილი.
ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა, ამ ეტაპზე, 50 000 ლარს აღწევს: _ დაზიანებულია 54 საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე სკოლა, მგზავრთა მოსაცდელები და ადმინისტრაციული შენობები; რამდენიმე სოფელში, მოსახლეობას გაუნადგურდა მოსავალი.
თამაზ ჯინჭარაძის თქმით, სოფლის რწმუნებულები აქტიურად მუშაობენ და მიმდინარეობს იმ ოჯახების აღწერა, რომლებსაც სტიქიამ კარმიდამო დაუზიანა:
_ ყველა ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გვაქვს. როგორც კომისია, ასევე რწმუნებულები აქტიურად მუშაობენ და მიმდინარეობს აღწერა. აბსოლუტურად ყველას აუნაზღაურდება მიყენებული ზარალი, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯინჭარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს ინფორმაციის მიწოდება გამგეობის “ცხელ ხაზზე” (577 952024) შეუძლია: _ ყველა შეტყობინება, რომელიც “ცხელ ხაზზე” შემოვა, კომისიის მიერ იქნება გადამოწმებული, _ დასძინა ჯინჭარაძემ.




































































