2012 წლის 21 ივნისს, სასამართლომ შპს “გლობალ კონსალტინგის” კუთვნილი სატელევიზიო მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები დააყადაღა.
საქართველოში, სატელევიზიო მედია მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამასთან, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამდენად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე მხოლოდ მყარ სამართლებრივ არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს და უკიდურესი საზოგადოებრივი აუცილებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს.
მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება შპს “გლობალ კონსალტინგის” ტექნიკის დაყადაღების შესახებ მოკლებულია შესაბამის სამართლებრივი დასაბუთებას, აშკარად შეიცავს მედიის გავრცელებისადმი არაპროპორციული დამოკიდებულების ნიშნებს და აფერხებს ქვეყანაში მედია პლურალიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და შეიცავს მნიშვნელოვან საფრთხეებს დემოკრატიული პროცესისათვის.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ აღუდგინის შპს “გლობალ კონსალტინგ”-ს მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების შესაძლებლობა და თავი შეიკავოს მედიის გავრცელებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისაგან.