2011 წელს, დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ექსპორტი მოხდა, წელს უფრო მეტი იქნება. ჩვენ დავიწყეთ ჩაის ადგილას ახალი ჯიშების გამოცდა ჩაის ყოფილ მიწებზე, რადგანაც ჩაის კი აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო,” _ ეს განცხადება და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ, მექანიზაციის ცენტრის ეზოში, საჯარო სივრცეში გააკეთა.
გოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულს, სოფლის ა(ა)იპ განვითარების ცენტრის თანამშრომლებსა და რამდენიმე ფერმერს ოზურგეთში, გურიის რეგიონის ფერმერთა მექანიზაციის ცენტრში, ჟურნალისტებთან ერთად შეხვდა. გოროზია, ოზურგეთში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი პირველი სტუმრობის შესახებ “გურია ნიუსმა” შემთხვევით გაიგო, ამჯერად კი ოფიციალურად გვაცნობეს.
“ყველაზე მეტად, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებდა და აწუხებს რეგიონებში, ეს არის ტექნიკის არქონა. ჩვენ შევქმენით ეს ცენტრი, სადაც რაღაც რაოდენობის ტექნიკა გვაქვს, წელს კიდევ შემოვა. შარშანდელთან შედარებით ცოტათი გავაიაფეთ ტექნიკით მომსახურება, თუმცა კიდევ შემოვა და გავაიაფებთ. რაც უფრო მეტია თანამედროვე ტექნიკა, მით უფრო მეტად არის შესაძლებელი გავაიაფოდ ტექნიკით მომსახურება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მეტ გლეხს მოვემსახუროთ,” _ ანუგეშა მინისტრმა გლეხები ამ “სეილით” და თანამედროვე ჯიშების პოპულარიზაციაზე გადავიდა.
“წელს, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა დაიწყეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა, რომელმაც გამოიწვია ახალგაზრდების ხედვა იმისკენ, რომ მათაც ჩააბარონ აგროსექტორში. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში, აგრონომის ზრდა ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში უამრავი პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა. თუ ჩვენ თანამედროვე ჯიშები თანამედროვედ არ გავაკეთეთ, პრაქტიკულად, ის ჯიშები, რომელიც ჩვენთან არის, მოძველებულია და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. მაგალითად, მანდარინზე გეტყვით, ჩაქვში შემოვიტანეთ და დავრგეთ ახალი თანამედროვე იაპონური ჯიშები…”
გოროზიას თქმით, მისი გურიაში ჩამოსვლის მიზანი იყო გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გაეცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “გურია ნიუსმა” ზაზა გოროზიას რამდენიმე კითხვით მიმართა.
_ ბატონო ზაზა, ამერიკულ პეპელასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არ შეუწამლიათ ხეები. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მანქანები უბრალოდ გარედან ასხურებენ წამალს, ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ ყოფილან. დიდი პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით?
_ თქვენ გგონიათ, რომ მინისტრი არ ფლობს ინფორმაციებს?
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მცხოვრებლები, ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ისინი აცხადებენ, რომ მანქანა იქ საერთოდ არ ყოფილა.
_ მე მინდა ერთი რამ გითხრათ _ ამერიკული პეპლის შეწამვლას აქვს თავისი პერიოდი. ჯერ უნდა გაიგოთ, როდის უნდა მოხდეს მისი შეწამვლა. სანამ ის ჭუპრიდან არ გამოვა, სანამ ის პირველი პერიოდი არ გაივლის, წამლის მოსხმას აზრი არ აქვს. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ქონების განიავება. ჩვენ იმ პერიოდში ვასხამთ წამალს, როცა ეს არის აუცილებელი და ეს მატლი იქნება განადგურებული. მე მესმის აბსოლუტურად ყველა იმ გლეხის, რომელიც ხედავს, რომ მატლი გამოვიდა და მასზე რეაგირება არ ხდება. ჩვენს მიერ ხდება ამის კონტროლირება.
_ ბატონო ზაზა, “გურია ნიუსის” კითხვებზე ადგილობრივი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ კომპეტენტური არ არის და ინფორმაციის მისაღებად თბილისს უნდა დავუკავშირდეთ, ამიტომ გეკითხებით თქვენ.
_ რას ქვია, კომპეტენტური არ არის? ეს ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ასეა. თუ ასეთ კითხვებს გააგრძელებთ, მეც შემეპარება ეჭვი თქვენს არაკომპეტენტურებაში, რადგან არ იცით, რას ნიშნავს, მატლი როგორ უნდა შეიწამლოს და ასე შემდეგ.
_ ბატონო ზაზა, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრძანდებით?
_ ვიყავი და ვიქნები კიდეც, _ გვითხრა გოროზიამ და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა.