“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს იმ მოქალაქეების მასობრივ დაკითხვას, რომლებმაც სხვადასხვა დროს ფონდ “ქომაგს” დახმარებისთვის მიმართეს. მოქალაქეთა დაბარება შსს-ს სხვადასხვა სამმართველოში, მათ შორის – შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში (ე. წ. მოდულის შენობაში) ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით გამოხატეს შეშფოთება, გააპროტესტეს დაკითხული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები და დაგმეს 9 ივნისს კუდის მიერ მოქალაქეთა მუქარით და იძულებით გადაყვანა ე. წ. მოდულის შენობაში, სადაც მათ არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, ხოლო დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგ შემთხვევაში – 10 საათის განმავლობაში. 28 ივნისს დილის 09:00 საათზე შსს სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში კვლავ მიაკითხეს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც განცხადებით მიმართეს ფონდ “ქომაგს” და დაკითხვაზე დაიბარეს. მათი რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ფონდ “ქომაგის” ცნობით, ეს მოქალაქეები არიან: 1. გიორგი კაშია; 2. როზა ჯანიკაშვილი; 3. ლილი ხურითი; 4. ამირან სიჭინავა; 5. გიორგი კორკოტაშვილი; 6. ვალერიან გიორგაძე; 7. ვლადიმერ მირიანაშვილი; 8. სვეტლანა გოგოხია; 9. მერაბ ყოლბაია; 10. ლალი ჯიჯავაძე. ეს ადამიანები მოწმის სახით დაიბარეს შსს სხვადასხვა სამმართველოებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად. ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლეს ადვოკატები გამოეყოთ მოწმედ გამოძახებული მოქალაქეებისთვის. დაკითხვებს ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “საზოგადოებრივი დამცველის” იურისტები დაესწრნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები – გიორგი კაშია და როზა ჯანიკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების გარშემო დაკითხეს. ეს ბრალდება კი გულისხმობს არა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებულ დანაშაულს, არამედ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, იგივე – “ფულის გათეთრებას”. ამავე დროს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ გამოავლინა “ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა”, რომელშიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები ფიგურირებენ. როგორც ფონდ “ქომაგის” ადვოკატი, შალვა შავგულიძის აცხადებს, დასაკითხად დაბარებულ პირებს თანხებს ფონდ “ქომაგის” მიერ მითითებულ ანგარიშებზე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ურიცხავდნენ. კერძოდ კი, “ქომაგში” არსებულ საბჭოში შედიოდა დახმარების მსურველთა განცხადებები და განხილვის შემდეგ საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას, რომელი პირისთვის ჩაერიცხათ თანხები საზღვაგარეთ მყოფი დიასპორის წარმომადგენლებს. ავგულიძის თქმით, პროკურატურაში დასაკითხად დაბარებულთაგან, ზოგიერთს თანხა არც ჩარიცხვია და მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მოხუცებულის საპენსიო ანგარიშს ყადაღა დაედო. ყადაღა ადევს ყველა იმ მოქალაქის ანგარიშს, რომლებიც დაკითხვაზე დაიბარეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია და გმობს მოქალაქეთა დევნას მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დახმარებისთვის მიაკითხეს ფონდ “ქომაგს”. მით უფრო, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ისედაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, კონკრეტულად კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და პატივი სცეს კონსტიტუციით გარანტირებულ მათ უფლებებს. ცენტრი ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, დააკვირდნენ ფონდ “ქომაგთან” დაკავშირებული პირების დევნის პროცესს და მოახდინონ რეაგირება” _ აღნიშნულია ცენტრის მიერ სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში.
დაკითხვების ფაქტს, ფონდ “ქომაგის” ხელმძრავნელი, ია მეტრეველიც სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
“მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლების მიერ “ფონდი ქომაგის” მიმართ განხორციელებული პირველი ქმედება იყო გერმანიაში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გადმორიცხული თანხის დაყადაღება, რაც მიზნად ისახავდა ფონდის საქმიანობის პარალიზებას. ამის საპასუხოდ ფონდმა სხვა სამართლებრივი გზებით შეძლო ხალხის დახმარება. კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა კეთილი ნების ადამიანებმა, ფონდის რეკომენდაციით, უშუალოდ მოახდინეს საქართველოს იმ მოქალაქეების ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა, რომლებმაც ფონდს მომართეს დახმარებისთვის. აღნიშნულზე ხელისუფლების მხრიდან პასუხად მივიღეთ ამ მოქალაქეების საბანკო ანგარიშების დაყადაღება. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა ნაწილმა მათი ანგარიშების დაყადაღებამდე მოასწრო თანხის აღება, რამაც გამოიწვია ხელისუფლების მიერ ფონდის მიმართ მომდევნო თავდასხმა თითქოსდა ფონდს კავშირი ჰქონდეს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან და იყენებდეს საქველმოქმედო საქმიანობას ფულის გასათეთრებლად. ამ მიზეზით მოქალაქეები მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებებში, რათქმაუნდა, ეს ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული. ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული “ფონდი ქომაგი”_ს საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ. რეალურად ხალხის შსს-ში დაბარების მიზეზი იყო მათი დაშინება და “ფონდი ქომაგის” სახელის შელახვა,” _ აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.