დაღუპულთა მემორიალთან და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავთან მათ სანთლები დაანთეს, რის შემდეგ ეკლესიაშიც გადაინაცვლეს. ასევე იმყოფებოდნენ 8 აგვისტოს დაღუპული გმირების, თამაზ ნიკიტინისა და თემურ ჭიტაძის საფლავთან.
მდუმარე აქცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ დილით დაიწყო, მათ ეჭირათ პლაკატი წარწერით _ “ჩვენ გვახსოვს აგვისტოს გმირები”.
ზაზა ცინცაძე, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი: _ კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა ამავე კოალიციის ლიდერებთან ერთად აქ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებს. მდუმარე აქციით შემოვიფარგლეთ. გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და დიდი სიყვარული მათი ოჯახების მიმართ. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება აგვისტოს ომში დაღუპული გმირები.
ზვიად კვაჭანტირაძე, “ქართული ოცნების” მაჟორიტარ-დეპუტატის კანდიდატი ოზურგეთში: – ჩვენ არ შეგვეძლო დღეს არ მოვსულიყავით აქ და ყვავილებით არ შეგვემკო გმირების მემორიალი, ეს ბიჭები დაეცნენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ, დღეს არანაირი პოლიტიკა არ გამოგვიყენებია _ საქართველოს სახელმწიფოს დროშით და გვირგვინით მოვედით.
ოპოზიციონერების წასვლის შემდეგ, იმავე ადგილას ხელისუფლებისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ.
გოჩა შანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი: _ ტკივილიანი დღეა 8 აგვისტო მთელი საქართველოსთვის. ამ დღემ, საქართველოს ერთის მხრივ ტკივილი მოუტანა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი გამოცდა იყო ქვეყნისთვის, ჩვენი ბიჭებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცა და თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამ ბიჭებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ საქართველო უყვარდათ.
კუკური ბარამიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი: _ ზოგადად, დღევანდელი დღის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდია, იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანებმა თავი გაწირეს ქვეყნის ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, მათი სახელი არ დავივიწყოთ და შევამკოთ მათი საფლავი გვირგვინით და დავუნთოთ სანთლები.
ილია ვაშაყმაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: _ მე ვალდებული ვარ, როგორც თითოეული ქართველი, პატივი მივაგო ყველა გმირს საქართველოში. ოზურგეთმა, აგვისტოს ომში, დაკარგა სამი ადამიანი, სამი გმირი. ყოველთვის მზად ვარ, სანთელი დავანთო, ვილოცო მათი სულების დიდებისათვის.
ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის გელა ბაქანიძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით, 8 აგვისტოს დაღუპულ ზვიად თენიეშვილის, თამაზ ნიკიტინის, თემურ ჭიტაძის ოჯახებისთვის 100-100 ლარი და 50 ლარიანი საჩუქარი არის გათვალისწინებული, რომელიც დღეს გადაეცემათ ომში დაღუპული გმირების ოჯახებს.