„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ განაცხადეს უარი, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ დაფინანსებული კვლევის თაობაზე. გუშინ კვლევითმა კომპანია Penn Schoen Berland-მა პრესკონფერენცია გამართა, სადაც უპასუხოდ დატოვა ძირითადი კითხვები კვლევის მეთოდოლოგიასა და დაფინანსების გამჭვირვალეობის შესახებ.
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ წარმოადგინა ინფორმაცია კითხვების დასმის ფორმისა და მათი თანამიმდევრობის შესახებ. უფრო მეტიც, ორგანიზაცია უარყოფს, რომ კვლევა დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზემოაღნიშნული ეწინააღმდეგება Penn Schoen Berland-ის თანამშრომლის, მიტჩელ კეიტსის განაცხადებას, რომ კომპანია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის მუშაობს. ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევა კვლევის სპონსორად და რომლის დამფუძნებელი კორუფციული გარიგებისთვის ბრალდებული ბიძინა გიორგობიანია, სინამდვილეში არის უბრალოდ ფასადური და ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩეველია.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, მათ შორის, ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა, როგორიცაა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). აღნიშნული კვლევების დაფინანსების წყარო და მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ყველა ეს კვლევა აჩვენებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს „ქართულ ოცნებაზე“, როგორც მინიმუმ, 15 %-ით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საყოველთაოდ დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კვლევის სანდოობა განისაზღვრება მეთოდოლოგიისა და ფინანსების გამჭვირვალეობით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კვლევის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია. ამომრჩევლები თავად გააკეთებენ დასკვნას იმ პარტიასა და კვლევით ორგანიზაციაზე, რომელიც უარყოფს გამჭვირვალობას, არღვევს პროფესიულ სტანდარტებს და უარს ამბობს სიმართლის თქმაზე.”
აღსანიშნავია რომ Penn Schoen Berland მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა ჯერ კიდევ კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე გააკრიტიკა. მან ამ კომპანიას არასანდო უწოდა და მეტი თვალსაჩინოებისათვის მიუთითა იმ კომპანიების კვალიფიციურობაზე, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა ქირაობს მსგავსი კვლევების ჩასატარებლად.
”გაუგებარია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიზანმიმართულად უნდობლობას უცხადებს მათ კვლევებს. “ქართული ოცნებაც”, სამწუხაროდ, ამ პარტიათა რიცხვს განეკუთვნება. საზოგადოებისათვის, ალბათ ცნობილია, რომ ქართულ ოცნებას დაქირავებული ჰყავს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევის კომპანია “Penn and Schoen” და “Тhe Mellman Group”. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის უცნობია ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და მეთოდოლოგია – ის მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები,”_ განაცხადა მაჭავარიანმა 25 ივლისს, კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ბევრად ადრე
გუშინ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე Penn Schoen Berland -ის წარმომადგენელ გრეგ სმიტს „რეალიტივსა“ და „აიტივის“ ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს, ჩაითვლებოდა თუ არა კომპანიის კვლევა სანდოდ იმის ფაქტის გათვალისწინებით რომ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი მიტჩელ კეიტსი ივანიშვილის მრჩეველია.
„თქვენ ფიქრობთ, რომ თუ კომპანიის ერთი თანამშრომელი ივანიშვილთან მუშაობს, კომპანიის კვლევა აუცილებლად მცდარი უნდა იყოს? ციფრები ციფრებია,”_ უპასუხა სმიტმა ჟურნალისტებს.
„ჩვენი კომპანიის სანდოობა ჩვენი ბეგრაუნდია. ჩვენ გვენდობიან ისეთი კომპანიები როგორებიცაა „ინტელი“, „მაიკროსოპფტი“, „მაკდონალდსი“ და აშ.”-აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.