„ყველამ ვნახეთ ჩვენი თანამოქალაქეების წამებისა და შეურაცხყოფის თავზარდამცემი კადრები. ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ ვართ ღირსებაშელახული მოძალადე ხელისუფლებისაგან. ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენი არის არა რომელიმე მეციხოვნე ან თუნდაც მინისტრი, არამედ სააკაშვილის მიერ შექმნილი მანკიერი რეჟიმი. ამიტომ ჩვენ არ და ვერ შემოვიფარგლებით ცალკეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებით ან დასჯით. ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გამოუტანოს ვერდიქტი არსებულ რეჟიმს და ეს უმსგავსობა, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დამთავრდეს.
გვესმის რა ხდება დღეს პატიმართა ოჯახებში. თანავუგრძნობთ მათ და ვპირდებით, რომ ამ განუკითხაობას მალე მოეღება ბოლო და ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ძალზე მძიმე გადასატანია იმ ათიათასობით სამართალდამცველის, პოლიციელის თუ ჯარისკაცისთვის, რომლებსაც არასოდეს უკადრიათ მსგავს სიბინძურეში მონაწილეობა, მაგრამ რომლებზეც ახლა საზოგადოების მხრიდან ეჭვის თვალია მიპყრობილი – იქნებ ისიც მონაწილეობდა, იქნება ისიც ესწრებოდა, იქნებ ის უფრო მეტს მალავს?
მივმართავთ ყველა სამართალდამცველს და საჯარო მოხელეს, ვისაც სინდისი სუფთა აქვს – თქვენი რეპუტაცია იქნება დაცული და თქვენ არ მოგიწევთ სხვის ნაცვლად პასუხისგება. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ არც დღეს და არც ხვალ არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, თავად აჩვენოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები და თავი დააღწიოთ მორალისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული მმართველი რეჟიმის სამსახურს. ამის შანსი თქვენ ქართველ ხალხთან ერთად გეძლევათ 1 ოქტომბერს.
მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს: დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა სიმშვიდე და კეთილგონიერება. მორალურად გაკოტრებული ხელისუფლება შეეცდება პროვოკაციების მოწყობით აგვაცდინოს არჩევნებში გამარჯვების გზას. გვესმის ყველასი, ვინც დღეს საჯაროდ გამოხატავს პროტესტს და მონაწილეობს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებში. მაგრამ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი ჩვენი ძალებისა და ენერგიის მიმართვა არჩევნების დღისკენ. 1 ოქტომბერს საერთო ეროვნულ აქციაზე – არჩევნებზე – უნდა გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალური და საერთოეროვნული ნება და შევქმნათ ზნეობისა და კონსტიტუციის პატივისმცემელი ხელისუფლება“_ ნათქვამია განცხადებაში.