ექსპერტი თვითმმართველობის საკითხში, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება ორი მიმართულებით. პირველი _ არჩევითი გახადონ აღმასრულებელი პირები: გამგებელი, გუბერნატორი და მეორე _ ბიუჯეტები გადანაწილდეს ისე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს მიეცეს რეალური საშუალება დააფინანსოს ის ფუნქცია, რაც აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა დაეფუძნოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა:
_ არ გამოვრიცხავ, თუ მოასწრეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საკანონმდებლო დონეზე, ამ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთად გაიმართოს. თუ კანონმდებლობას ცვლი, შესაბამის ცვლილებას შეიტან კონსტიტუციაში თუ ორგანულ კანონში და თუ არჩევით სისტემაზე გადახვალ, ერთად შეიძლება გააკეთონ ადგილობრივი თვითმმართველობის, მერების, გამგებლებისა და პრეზიდენტის არჩევნები, შეიძლება ამაზეც წავიდნენ, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ხათუნა ლაგაზიძემ.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ის აქტიურად იმუშავებს პარლამენტში და მხარს დაუჭერს იმას, რომ რაც შეიძლება მალე გატარდეს საფუძვლიანი რეფორმა თვითმმართველობაში და არჩევნები ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად.
_ თვითმმართველობამ, უპირველესად, უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ინტერესების ასახვა სახელმწიფოს მართვაში. აუცილებლად გაიზრდება მათი საბიუჯეტო შემოსავლები; საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება, არაპრივატიზირებული მიწების დიდი ნაწილი. განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთისა და თითოეული დასახლების, სოფლის, დაბის იურიდიული სტატუსი და საკუთრებაში გადაეცემათ საძოვრები, ტყეები, სავარგულები, წყალი, უძრავი ქონება. მოხდება რესურსების მიხედვით, უფრო მეტად თვითკამრი თემების შექმნა და ა.შ. გურიის მაგალითზე გეტყვით: პირველ, გარდამავალ ეტაპზე, გურიას ტერიტორიულ-სამართლებრივი სტატუსი მიენიჭება, რეალურად გადაეცემა თვითმმართველობა და უზრუნველყოფილი იქნება რესურსებით, სტაბილური საბიუჯეტო შემოსავლებით და ფართო უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, ჩემს როლს, სწორედ ამ პროგრამის განხორციელების საკანონმდებლო უზრუნველყოფის აქტიურად ჩართვაში ვხედავ. ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, ასე რომ ამაზე ფოკუსირებაა საჭირო, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.