ნინა ხატისკაცი “გურია ნიუსთან” და სხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას აცხადებდა, რომ ის თამარ გურჩიანს უჭერდა მხარს და ამიტომ საკუთარ კანდიდატურას არ წააყენებდა.
თამარ გურჩიანმა, “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ ის არ იცნობს უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
_ მე, ჩემს კანდიდატურაზე არ ვამბობ უარს, როგორც თქვენგან გავიგე, გამოდის, რომ ჩემს კანდიდატურს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა არ უჭერს ანუ მე, მხარს უმრავლესობა არ მიჭერს, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს თამარ გურჩიანმა.
უმრავლესობა ნინა ხატისკაცის კანდიდატურის შესახებ რომ ბჭობდა, ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა” 22 ოქტომბერს გაავრცელა.
_ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. მე ორიენტირებული ვიყავი ერთ-ერთ კანდიდატზე, თამარ გურჩიანზე და მის კანდიდატურას ორივე ხელებით ვუჭერდი და ვუჭერ მხარს. ახლა მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის პოლიტიკური მხარდამჭერა ამ კანდიდატის და თუ არ არის, მაშინ უნდა არსებობდეს სერიოზული არგუმენტები, რადგან მიმაჩნია, რომ თამარი ძალიან პრინციპული ადამიანია. ის ყველაზე ახლოს დგას ჩემს პრინციპებთან და ღირებულებებთან.
უცებ გადაწყვეტილების მიღებას და გურჩიანთან დაპირისპირებას ნამდვილად არ ვაპირებ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა გავარკვიო მიზეზები, რატომ დაიწყო ფიქრი ახალ კანდიდატებზე და რატომ არ განიხილება ვთქვათ არსებული კანდიდატები, მათ შორის თამარ გურჩიანის კანდიდატურა.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ პოსტთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ვფიქრობ და განვიხილავდი ჩემს კანდიდატურას ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე. არ მიმაჩნია, რომ ჩემზე უკეთესი კანდიდატები არ არიან. ვინც დასახელდა, ნამდვილად კარგი კანდიდატებია.
სახალხო დამცველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტია, სადაც საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც საქმეს გააკეთებს, ამ საქმეს მიუდგება პროფესიონალურად, ობიექტურად და საქმეს მიიყვანს ბოლომდე. _ განაცხადა ნინა ხატისკაცმა 22 ოქტომბერს “გურია ნიუსთან” საუბრის დროს.
ჩვენ ნინა ხატისკაცს დღესაც დავუკავშირდით და შეგვპირდა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა.