“მე ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, ომის, გაჭირვების, აღმშენებლობის დროს და რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არც განსაცდელში მივატოვებ. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, რადგან საქართველოს სხვა პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ერთიანობა, მომავლის რწმენა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა გამოვა გამარჯვებული. სიკეთე გამოვა უფრო გაძლიერებული. ბაგრატის ტაძარი ყველანაირმა დამპყრობლებმა ანგრიეს, მიწასთან გაასწორეს, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა მის აღდგენას. განსაკუთრებით ბოლო წლებში. ჩვენ ის მაინც აღვადგინეთ და მოვიყვანეთ ულამაზეს მდგომარეობაში, “_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე ქუთაისში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მივიდნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, წმინდა გიორგი საქართველოს ერთ–ერთი მთავარი მფარველია. მისივე თქმით, კოალიცია შეეცდება მომავალში გიორგობის დღესასწაული არც ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ზეიმის დღედ არ იქცეს.
_ უახლოესი წლების მანძილზე, გიორგობის დღესასწაული გადაფარული იყო პოლიტიკური დღესასწაულით ე.წ. “ვარდების რევოლუციით“. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ახალი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაიბრუნა გიორგობის დღესასწული, როგორც საერო და საეკლესიო დღესასწაული,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.