11 იანვრის სხდომაზე, ცესკოში პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი პარტიული სიიდან ამოღებულ იქნა #13 მარიამ დიდმანიძე, #14 მიხეილ შილაკაძე და #15 ლიანა ბაქანიძე.
ლიანა ბაქანიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორია. მისი თქმით, მან არაფერი იცის ცესკოს გადაწყვეტილებით.
_ ნამდვილად არაფერი ვიცი. ის კი ვიცი, მითხრეს, რომ შესაძლოა, საკრებულოში შევსულიყავი. მეტი არაფერი არ ვიცი, _ გვითხრა ბაქანიძემ. ბაქანიძე არ აკონკრეტებს ჩვენთან თუ ვინ შესთავაზა საკრებულოში შესვლის იდეა.
რაც შეეხება მიხეილ შილაკაძეს, რომელის ახლა შპს “განათლების ექსპერტის” იურისტია, სიიდან ამოღების შესახებ არც მან იცოდა და პირველად ჩვენგან გაიგო.
_ ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ და აუცილებლად გავარკვევ. _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მიხეილ შილაკაძემ.
“გურია ნიუსი” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მიხეილ გოგოტიშვილს დაუკავშირდა. ცესკოს 11 იანვარს მიღებული გადაწტყვეტილების შესახებ არც მიხეილ გოგოტიშვილმა იცოდა და დაგვპირდა, რომ როდესაც გაარკვევს რატომ ამოიღეს სიიდან სამი ადამიანი, აუცილებლად გააკეთებს კომენტარს.