რომელშიც მიუთითებენ, რომ გამგეობის შენობის წინ გაშლილი საპროტესტო კარვის გამო, მათ საცხოვრებელ კორპუსებთან ანტისანიტარია გაჩნდა. განცხადებას ხელს ორი საცხოვრებელი სახლის 13 ბინადარი აწერს.
ამ კორპუსების ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თავართქილაძე ამბობს, რომ კარვის ბინადრები არავის უშლიან ხელს: “მე იქ არავითარი სიბინძურე არ მინახავს. პირიქით, ამასწინათ შეშა დამახერხინეს და ნახერხი თავად აწმინდეს. ყოველთვის სისუფთავის დაცვას ცდილობენ. ძაღლები გროვდებაო, თქვა ზოგიერთმა. ძაღლები სად არ გროვდება ლანჩხუთში?!” ზურაბ თავართქილაძის საწინააღმდეგო თვალსაზრისს გამოთქვამს ამავე კორპუსში მცხოვრები თინათინ გურგენაძე, რომელიც ერთ-ერთია ხელმომწერთაგან. იგი ამბობს, რომ დაუნახავს, როგორ იკმაყოფილებენ ბუნებრივ მოთხოვნებს კარვიდან გამოსული მამაკაცები. “მითხრეს, ფაქტი წარმოადგინეო. სურათს ხომ არ გადავუღებდი ამ დროს?! მე პოლიტიკური მოსაზრებები არ მალაპარაკებს. მინდა ეს ბაღი სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ბავშვები გვყავს, რომლებიც ამ ბაღში თამაშობენ.”
კარვის აქციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გია ფირცხალაიშვილი, ჩვენი მისვლისას პოლიციიდან დაბრუნდა, სადაც, როგორც თავად ამბობს, საჩივარს გაეცნო; “კარგად ვიცი, ვისი მოწყობილია ყველაფერი. საჩივარზე 13 ადამიანის ხელმოწერაა დაფიქსირებული. ჩვენ გამოვკითხეთ რამდენიმე მათგანი. ისინი ამბობენ, რომ ხელი სულ სხვა მოთხოვნას მოაწერეს _ განცხადებაში ეწერა, რომ ხელს პრეზიდენტის გადადგომაზე აწერდნენ. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ჩვენს წინააღმდეგ შედგენილ საჩივარზე. ხელმოწერებს ე. წ. “ჩაქუჩა” აგროვებდა, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობს ამ კორპუსებში. რატომ აგროვებდა ხელმოწერებს, თუ აქ არ ცხოვრობს? იმიტომ, რომ ამ შტაბის წევრია. ჩვენ ვთხოვეთ ქალაქის წყლისა და სანდასუფთავების სამსახურს და თეატრის უკან არსებული საზოგადოებრივი ტუალეტი ამოვაწმენდინეთ. სისტემატურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ სისუფთავე. ჩვენი აქ ყოფნა კი ვიცი ვის ესობა გულზე…”
გია ფირცხალაიშვილი კახა კუკავას პარტიის ყოფილ ოფისს გულისხმობს, სადაც ამჟამად თემურ ჩხაიძის მხარდამჭერი გუნდია დაბანაკებული. გია ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ თავად შეიტანა განცხადება ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში და ითხოვს ახსნა-განმარტებას, რის საფუძველზე უჩივლეს კარვის უდანაშაულო ბინადრებს.
გავრცელდა ხმა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დავით ჩხაიძე პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. თუმცა ინფორმაცია მისმა თანამებრძოლებმა არ დაადასტურეს. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით თავად ჩხაიძეს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საკუთარ სახლში იმყოფებოდა. პრეზიდენტის გადადგომის მიზნით ხელმოწერათა შეგროვების გურიის ზონის კოორდინატორმა, არ დაადასტურა ხმები მისი პოლიციაში დაბარების შესახებ.
მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან “კარველთა” პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს, არ უარყოფენ, რომ ამ კარვის არსებობა ლანჩხუთის ცენტრში მათ ნერვებზე ცუდად მოქმედებს.
“სამ დღეში დამთავრდება და დაეწყობა ყველაფერი,” _ ამგვარ პროგნოზს აკეთებს გურია ნიუსთან” ამ გუნდის წევრი ზაალ სანაძე.