იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, შრომის ახალი კოდექსი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის და მხარეეებს სამართლიან და თანაბარ უფლებებს მიანიჭებს.
ალექსანდრე ბარამიძე: “სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია, გამართა ფართო და ყოვლისმომცველი კონსულტაციები დაინტერესებულ ყველა მხარესთან, მათ შორის დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან, იმისათვის, რათა შრომის კოდექსი, რომელსაც აკრიტიკებდა აბსოლუტურად ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მოყვანილიყო ისეთ კონდენციაში, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც აქვს აღებული საქართველოს შრომის სფეროში. ჩვენ ვიმუშავეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციათან ერთად და მე ვიტყოდი, ახალი კოდექსი იქნება რევოლუციური ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის არსებულ დისბალანსს დაარეგულირებს. დამსაქმებელს აღარ შეეძლება დასაქმებული დაუსაბუთებლად გაათავისუფლოს სამსახურიდან. ვადიანი შრომით ხელშეკრულებებთან, ასევე წერილობით და ზეპირ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შემოდის ძალიან ფართომაშტაბიანი ახალი რეგულაციები, ახალი დებულებები და ნორმები. შემოდის, აგრეთვე, რეგულაციები ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების მოგვარებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ შრომის ახალი კოდექსი ნამდვილად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია გათვლილია ხალხზე.”
მინისტრთა კაბინეტის მიერ მოწონებული კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეცა.