სოფელ ქვენობნის რწმუნებულად უკვე დაინიშნა დავით კვაჭანტირაძე. ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, ეს დანიშვნები თანდათანობით მოხდება და მარტის ბოლომდე ყველა სოფელს ახალი რწმუნებული ეყოლება. მისივე თქმით, რწმუნებულების კანდიდატურას “ქართული ოცნების” აქტივისტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით შეარჩევენ.
თუმცა, როგორც გვითხრეს პროცესი უკვე ბადებს რიგ შეკითხვებს _ ბევრ სოფელში მოსახლეობისთვის მიუღებელი კანდიდატურაც დასახელდა. მათ შორისაა სოფელი შუასურები, სადაც, როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, რწმუნებულად ნასამართლევი პიროვნება ინიშნება.
თამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია:
_ პრინციპი უკვე ვთქვი თქვენი გაზეთის საშუალებით და აღვნიშნე, რომ გადამწყვეტი იქნება სოფლის აზრი ჩვენს აქტივთან ერთად. მაგრამ ისე ნუ გამოუვა სოფელს, რაც მეტს შევეკითხები, მით მეტი პრობლემა შემიქმნან და სოფელი ნუ დაიყოფა მარტივ მამრავლებად. ახლა ერთიანობაა საჭირო და არა ერთმანეთის ქიშპი. რადგანაც სოფლის აზრს ვითვალისწინებ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავიანთი შიდა სამზარეულო ვერ დაალაგონ. ჯერ არსად არაფერია გადაწყვეტილი _ ვინც სოფელს უნდა, ის იქნება და სოფლისთვის მიუღებელი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინიშნება. რაც შეეხება ნასამართლეობას, სურებში ყველა ოჯახშია იარაღი, მთის ხალხია და ნადირობა უყვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს დაცვას ვცდილობდე. გააჩნია, ვინ რაზე დაგიჭერს და რა დროში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.