არჩილ თოდუა, საინიციატივო ჯგუფის წევრი: “ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მეორე შეალედური ანგარიში. ანგარიშში ასახულია თანამდებობის პირთა და ცალკეულ სამსახურთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები, ასევე მათი საქმიანობის ამაღლებული პროცედურული ნორმები. ანგარიშში წარმოდგენილი იქნა გარკვეული დასკვნები ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებთან მიმართებაში _ ეს ეხება სოციალურ პროგრამას, რაც ითვალისწინებს უფასო სასადილოს უზრუნველყოფას სოcიალურად დაუცველი პირებისთვის, მეორე კი ტრანსპორტის დაფინანსებას და სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფასის შეთავაზებას. ასევე, ასახულია სხვადასხვა ტენდერები და მათი გახორციელების დროს დაშვებული ლაფსუსები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერჯერობით ჩვენს მიერ წარდგენილი რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მოგვცეს პირობა, რომ ითანამშრომლებენ ჩვენთან. რაც შეეხება გამგეობას, მის მიერ ჩვენი რეკომენდაციები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. ეს ეხება, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებას. გამოაქვეყნეს სხვადასხვა სამსახურების დებულებები, ცხადდება ყველა ინფორმაცია გამოცხადებული გამარტივებული ტენდერების შესახებ. ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის შედეგადაა შესაძლებელი ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება.”
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ღურწკაიამ თქვა, მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თეთრი, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში და ბიუჯეტიდან მოხდება მისი გახარჯვა, იყოს საჯარო და გამჭვირვალე: “ყველა ინფორმაცია გასაჯაროებულია და თუ იქნება რაიმე განსაკუთრებით ყურადსაღები რეკომენდაციები არასამთავრობოების მხრიდან, გამგეობის მიერ აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,” _ გვითხრა მაია ღურწკაიამ და აღნიშნა, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების შემდეგ გააქტიურდა, მონიტორინგს უკეთებს მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმიანობას, რაც პირადად მას ბევრ კითხვას უჩენს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადებით, საკრებულო მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განაგრძოს და რიგ საკითხებზე ერთობლივად იმუშაონ.