ისინი აცხადებენ, რომ რამდენიმე წელია ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებები ესმით.
ოზურგეთელი ლია ტუღუში გურია ნიუსთან მძიმე ეკონომიკური პირობების შესახებ ჰყვება და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ლია ტუღუში: _ ვცხოვრობ ოზურგეთში, ყოფილი ნავთობაზის შენობაში. სამი წელია, თითქმის ყველა ორშაბათს გამგებლის კარებთან ვარ ატუზული. ამ სამი წლის განმავლობაში შუქი არ მქონია, არც წყალი მაქვს. ჩემი მცირეწლოვანი სპორტსმენი შვილიშვილი 7 საათზე მოდის სახლში დაღლილი ვარჯიშიდან. გაიკითხეთ როგორი ბავშვია ობლად გაზრდილი თორნიკე ხომერიკი. ახლა გამგებელთან მაქვს მოტანილი მისი დიპლომები. უნდა ვაჩვენო _ იქნებ, შეეცოდოს. უშუქოდ და უწყლოდ შვილო, 21-ე საუკუნეში, მითხარით, რა გავაკეთო? დედამისი ძალიან წვალობს, რომ ბავშვებს ლუკმაპური აჭამოს. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს სოციალური დახმარების გარდა. ასჯერ დამაწერინეს განცხადებები, მაგრამ არაფერი _ მხოლოდ დაპირებები. დახმარების მოლოდინში აწი სულიც გამძვრება! მოდით ძალიან გთხოვთ და ნახეთ რა პირობებში ვცხოვრობ, _ გვიყვება სასოწარკვეთილი ქალბატონი.
_ ახლა, ხელისუფლება რომ შეიცვალა, მოვედი და ასე მითხრა გამგებელმა, მე, ქალბატონო, რით დაგეხმაროო. რას ჰქვია, რით დამახმაროს?! აღარ შეგვიძლია მეტი. მოდით, თქვენ ყოველ ორშაბათს გამგებლის მისაღებში და ნახეთ, რამდენი სასოწარკვეთილი ადამიანია _მშიერი, ეკონომიური სიდუხჭირისგან განადგურებული. გაჭირვებულებს მოგვხედონ ცოტა, ადამიანები ვართ ჩვენც. არაფერს არ ვითხოვ, იმის გარდა, რომ მქონდეს მეც შუქი და წყალი, როგორც სხვას. ადამიანურად ცხოვრების ელემენტარულ პირობებში რომ ვცხოვრობდე მეც, არ შეიძლება? ან სანთლის ფული არ მინდა? ხან სანთლის ფულიც არ მაქვს. ასეთ პირობებში ბავშვები დაავადმყოფდნენ. მთელი ზამთრის განმავლობაში ღუმელის კარს ვაღებდი და ისე ვანათებდი ოთახს. შვილი პატიმარი მყავს, ძალიან გთხოვთ, იქნებ თქვენ გააგებინოთ ჩემი გაჭირვების შესახებ ამ ახალ ხელისუფლებას. ესენი, მგონი, ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით უგულოები არ არიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ამ ოჯახს აუცილებლად დაეხმარება.
_ ყველანაირად ვეცდები, რომ ამ ქალბატონის პრობლემა მალე გადავჭრათ. პირობას გაძლევთ აუცილებლად დავეხმარები, _ გვითხრა შარაშენიძემ.