“ხვალ, 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან იმართება ჰომოფობია/ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავი საპროტესტო აქცია. პარალელურად, რუსთაველზე იკრიბებიან ის ადამიანებიც, ვინც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უცხადებს პროტესტს.
გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა, 17 მაისის აქცია წარიმართოს რთულ ვითარებაში. ორგანიზაცია “იდენტობამ” უკვე გამოაქვეყნა აქციაში მონაწილეობის მსურველთათვის უსაფრთხოების სავალდებულო წესები, რომლის მიხედვითაც გამზირზე მობილიზებული იქნება პოლიციაც და თავად აქციის მონაწილეებიც იმოქმედებენ ფრთხილად და მშვიდობიანად, ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე.
დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთობლივი მონიტორინგის შესახებ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიესალმება ამ სამოქალაქო ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს აქციის მშვიდ გარემოში ჩატარებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თავის მხრივ, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება მედიის მუშაობას და ერთდღიანი მონიტორინგის შედეგებს გააცნობს საზოგადოებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და გაწონასწორებული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენის შესახებ. ქარტია სთხოვს მედიის წარმომადგენლებს, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით მოეკიდონ აღნიშნული ამბის გაშუქებას და ამავე დროს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტებმა უსაფრთხოების დაცვის მიზნით თან იქონიონ მედიის წარმომადგენლის დამადასტურებელი საბუთი,” _ ნათქვამია განცხადებაში.